გურამ გურამიშვილი - სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესება შავ ზღვაზე და საქართველოს აქტიური ჩართულობა საერთაშორისო მნიშვნელობის ინიციატივებში ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

საქართველოს რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების პროგრესზე, ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) გაფართოებისა და სამოქმედო გეგმის მნიშვნელობაზე, შავ ზღვაზე საბორნე/ფიდერული სერვისების განვითარებასა და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე ისაუბრა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა კონფერენციაზე „შავი ზღვა - საქართველოს შესაძლებლობები და გამოწვევები,“ რომელიც სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ საქართველოს მთავრობის მთავარ პრიორიტეტად დაასახელა სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესება და ამასთან ხაზი გაუსვა საქართველოს აქტიურ ჩართულობას სხვადასხვა ინიციატივებში, როგორიცაა, მათ შორის, ლაპის ლაზული, შავი ზღვა-კასპის ზღვის დერეფანი, TRACECA, შუა დერეფანი და სხვა.

მისი განცხადებით, ხაზგასმით აღსანიშნია საქართველოს რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების პროგრესი. „ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა არსებული და ახალი ნავსადგურების ინფრასტრუქტურის განვითარება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტულ პროექტად რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი“ - აღნიშნა გურამ გურამიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობისთვის ევროკავშირთან კავშირის გაუმჯობესებისა და ევროპა-აზიის კავშირის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით შავ ზღვაზე საბორნე/ფიდერული სერვისების განვითარების მნიშვნელობაზე. მან ასევე ისაუბრა ევროკავშირის დახმარებით მომავალი წლისათვის დაგეგმილ კვლევაზე, რომელიც განსაზღვრავს შავ ზღვაზე საბორნე/ფიდერული მომსახურების შესაძლო მიმართულებებს.

„სატრანსპორტო სექტორის გაციფრულებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან და პარტნიორ ქვეყნებთან. აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ნავსადგურებში „ერთი ფანჯრის პრინციპის“ დანერგვაზე და ამ მხრივ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დერეფნის გაციფრულების პროექტი, რომლის შესახებ კვლევა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროცესშია“, - განაცხადა გურამიშვილმა.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, საქართველოს შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ დისკუსია დადებითად აისახება საქართველოსა და რეგიონის სატრანსპორტო ლოგისტიკური სექტორის განვითარებაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო