დავით დარჩიაშვილი - ტიკარაძეს უთანხმოება ჰქონდა პრემიერთან - გადადგომა პრინციპულობის მატარებელი ნაბიჯია, მიუხედავად იმისა, რომ უცნაურ ფორმაშია შეფუთული: „პარტიაში ე.ი. ბიძინასთან ვრჩები, მაგრამ ღარიბაშვილთან აღარ“

გადადგომა გარკვეული პრინციპულობის მატარებელი ნაბიჯია მიუხედავად იმისა, რომ უცნაურ ფორმაშია შეფუთული: "პარტიაში ვრჩები, ე.ი. ბიძინასთან ვრჩები, მაგრამ ღარიბაშვილთან აღარ" - პატარა ქვეყანაა, არაფერი იმალება და კულუარებიდან ვიცით, რომ მას უთანხმოება აღმოაჩნდა პრემიერ-მინისტრთან, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა დავით დარჩიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, რითაც ეკატერინე ტიკარაძის მიერ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა.

დარჩიაშვილის შეფასებით, ეკატერინე ტიკარაძე არ იქნება უკანასკნელი ვინც თანამდებობას დატოვებს.

„გადადგომის ტრადიცია არ გვაქვს და ეს ერთგვარი საბჭოური მემკვიდრეობაა, რომ სიმართლე ბოლომდე არ ითქვას. მის კონფერენციას, რომ ვუყურებდი, უნდა ივარაუდო გადადგა, თუ ასე გადაწყვიტეს, მაგრამ პატარა ქვეყანაა არაფერი იმალება და ვიცით კულუარებიდან, რომ მას უთანხმოება აღმოაჩნდა პრემიერ-მინისტრთან. გადადგომა გარკვეული პრინციპულობის მატარებელი ნაბიჯია მიუხედავად იმისა, რომ უცნაურ ფორმაშია შეფუთული: "პარტიაში ვრჩები, ე.ი. ბიძინასთან ვრჩები, მაგრამ ღარიბაშვილთან აღარ" და გასაგებია, რომ არც უნდა დარჩეს. საკუთარი თავის პატივისმცემელი ადამიანი, პროფესიონალი არ უნდა დარჩეს ღარიბაშვილის მთავრობაში. შეიძლება ეს ისევ ბიზანტიურ - საბჭოური პოლიტიკაა, რომ ამით ივანიშვილი შეიძლება ფიქრობს, რომ ცოტა ხანში საერთოდაც ამოატრიალებს სიტუაციას და თუ ვინმე წავა, ღარიბაშვილი წავა და არა ტიკარაძე.

ყველა სფეროში დაწყებული კულტურიდან დასრულებული უსაფრთხოებით არის სრული კატასტროფა. 30%-ზე მეტი ინფლაცია, კოვიდპანდემიის ვერ მართვა, კულტურაში რა ხდება ხედავთ - რა პერსონაჟი არის მინისტრად დასმული, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკა ეს არის პოლიტიკური რეპრესიების წარმოება, ხოდა ასე ქვეყანა, რა თქმა უნდა ვერ იფუნქციონირებს და ჩვენ ამ კრიზისის კონკრეტულ გამოვლინებებს კიდევ ვნახავთ“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

გარდა ამისა, დავით დარჩიაშვილმა სხვა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზეც ისაუბრა, მათ შორის, გამოეხმაურა შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების საერთაშორისო პარტნიორებისადმი დღეს გაგზავნილ მიმართვას და აღნიშნა, რომ პარტნიორების მხრიდან პირობების შეუსრულებლობის გამო, გარკვეული სანქციები იქნება.

„მე ველოდები პრინციპულ გამოხმაურებებს, მე ველოდები კიდევ ერთხელ გაფრთხილებას ამ ხელისუფლების, რომ დაიწყება სანქციების ენაზე საუბარი იმიტომ, რომ ეს პრინციპი ჩადებულია აღმოსავლეთის პარტნიორობაშიც, ევროპის კავშირის პოლიტიკაში, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ, რომლის წყალობითაც მივიღეთ ასოცირების შეთანხმება და ეს აისახება ქვეყნის მდგომარეობაზე - იქნება სანქციები პირობების შეუსრულებლობის გამო. იგივე პროცესებს ველოდები ამერიკაში დაგეგმილ დემოკრატიულ სამიტზეც, სადაც სალომე ზურაბიშვილია მიწვეული. იმედს ვიტოვებ, რომ ეს ადამიანები, ვინც დღეს ხელისუფლებაში არიან და სრულიად დაბრმავდნენ ხელისუფლების სიყვარულით და დევნიან ოპონენტებს, რომ რამე არ შეერყეს მათ მონოპოლიას ხელისუფლებაში, აი ამ დაბრმავების პირობებში, მაინც თვალს გაახელენ და ცოტა შორს გახედავენ საკუთარი ქვეყნის პერსპექტივას და არ გადააყოლებენ პირად ბოღმას, პირად დამოკიდებულებებს ქვეყნის მომავალს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა