ბადრი ჯაფარიძე ევროპელი პარტნიორებისადმი ოპოზიციის წერილზე - გარედან წნეხი აუცილებელია იმისთვის, რომ მოვახერხოთ ქვეყნის ვარდნის შეჩერება

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ევროპელი პარტნიორებისადმი ოპოზიციის წევრების წერილში საუბარია იმაზე, რომ “ქართულ ოცნებას” უნდა მოუწიოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფასის გადახდა იმ დესტრუქციული ნაბიჯებისთვის, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით ინტენსიურად დგამს.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, გარედან წნეხი აუცილებელია, რათა ქვეყნის ვარდნა შეჩერდეს.

“წერილში საუბარია იმაზე, რომ “ქართულ ოცნებას” უნდა მოუწიოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფასის გადახდა იმ დესტრუქციული ნაბიჯებისთვის, რომელსაც დგამს უკვე ბოლო თვეებია განსაკუთრებით ინტენსიურად - 19 აპრილის შეთანხმებიდან გამოსვლის შემდეგ; სტრატეგიული პარტნიორი დიპლომატების განცხადებებზე დესტუქციული რეაგირება, დაცინვა; ევროკავშირის გადაწყვეტილებების სრული იგნორირება, ვგულისხმობ შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირთან იქნა მიღწეული და რომლის შეუსრულებლობის გამო ქვეყანამ 75 მლნ ევრო ვერ მიიღო. ასეთ ნაბიჯებზეა საუბარი და ამ ნაბიჯების გადადგმის გამო “ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს. დღეს მთელი ქვეყანა იხდის ფასს “ქართული ოცნების” ამ დესტრუქციული ნაბიჯების გამო, რეალურად კი მხოლოდ ამ პოლიტიკურმა ძალამ უნდა გადაუხადოს. წნეხი გარედან აუცილებელია იმისთვის, რომ მოვახერხოთ ქვეყნის ვარდნის შეჩერება”,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან პარლამენტში დღეს გამართულ შეხვედრას, ჯაფარიძის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საკითხები, რომლებიც ქვეყანას აწუხებს, მათ შორის პოლარიზაცია.

კითხვაზე, ისაუბრეს თუ არა მიხეილ სააკაშვილის საკითხზე, ჯაფარიძის თქმით, პარტნიორებს ეს თემა არ დაუყენებიათ.

ცნობისთვის, 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს, ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰელს მიმართავენ და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ. წერილში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის ეს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებს, ქმნიან გადაულახავ დაბრკოლებებს წინსვლისთვის ევროინტეგრაციის გზაზე და ძირს უთხრიან ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს განამტკიცოს ევროპული მომავალი. წერილში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ ევროკავშირი გამოიყენებს EAP-ის მომავალ სამიტს, როგორც შესაძლებლობას შეახსენოს საქართველოს მთავრობას ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესახებ. წერილის თანახმად, "პირობითობის" მექანიზმის გამოყენება, შესაბამისი დახმარების გამოყოფისას, არის ერთადერთი გზა საქართველოს დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად და ქვეყნის იმ საგარეო პოლიტიკურ არჩევანთან დასაბრუნებლად, რომელსაც ქართველი ამომრჩეველი უჭერს მხარს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა