დეკანოზ ილია ჭიღლაძეს მღვდელმოქმედება აეკრძალა

საპატრიარქოს სინოდური კომისიის გადაწყვეტილებით, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიაში მყოფ მღვდელმსახურს, დეკანოზ ილია (ირაკლი) ჭიღლაძეს მღვდელმოქმედება აეკრძალა.

როგორც საპატრიარქო განმარტავს, აღნიშნულის მიზეზი სინოდის წევრებისა და სასულიერო პირებისადმი მასმედიაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები და სინოდურ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით არგამოცხადება გახდა.

„როგორც ცნობილია, 2021 წლის 11 თებერვლის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი იყო საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიაში მყოფ დეკანოზ ილია (ირაკლი) ჭიღლაძის მიერ წმინდა სინოდისა და ცალკეული სასულიერო პირების მიმართ მასმედიის საშუალებით პერმანენტულად გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, რომელთა შესწავლა დაევალა სინოდურ კომისიას.

ამა წლის 3 მარტს გამართულმა სინოდურმა კომისიამ მოისმინა მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის, მთავარეპისკოპოს ზენონის (იარაჯული) პოზიცია დეკანოზ ილია ჭიღლაძის ქმედებებთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე, მთავარეპისკოპოს ზენონს კომისიამ მიმართა თხოვნით, ახსნა-განმარტებისათვის გონივრულ ვადაში (კომისიის დასკვნიდან არა უგვიანეს სამი თვისა) უზრუნველეყო დეკანოზ ილია ჭიღლაძის გამოცხადება საქართველოს საპატრიარქოში სინოდური კომისიის წინაშე. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარეპისკოპოსმა ზენონმა ამა წლის 14 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი გამოგზავნილ წერილში დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ: ,,მიზანშეწონილი იქნებოდა სინოდური კომისია დაუკავშირდეს უშუალოდ დეკანოზ ილია ჭიღლაძეს და პირადად აცნობოს გამოძახებისა თუ სხვა ღონისძიებათა შესახებ“, რითაც მთავარეპისკოპოსმა ზენონმა თავი აარიდა სინოდური კომისიის ზემოაღნიშნულ თხოვნას.

ამის გათვალისწინებით, სინოდური კომისიის წევრების მხრიდან აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავართან, მთავარეპისკოპოს ზენონთან (იარაჯული) კომუნიკაციის შემდეგ, ამა წლის 25 ივნისს გამართულ სხდომაზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დეკანოზი ილია (ირაკლი) ჭიღლაძე ერთი თვის ვადაში გამოცხადებულიყო საქართველოს ეკლესიის სინოდურ კომისიაზე, რის შესახებაც მას გაეგზავნა შეტყობინება კომისიის სახელით. თუმცაღა, დეკანოზი ილია ჭიღლაძე არ გამოცხადდა მითითებულ ვადებში საქართველოს საპატრიარქოს სინოდურ კომისიაზე და არც რაიმე სახის განმარტება გააკეთა აღნიშნულთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია ისიც, რომ დეკანოზი ილია (ირაკლი) ჭიღლაძის მხრიდან ზემოთ აღნიშნული ქმედებები 11 თებერვლის სინოდური განჩინების, ასევე 3 მარტისა და 25 ივნისის სინოდური კომისიის განჩინებების შემდეგაც არ შეწყვეტილა. შესაბამისად, საქართველოს საპატრიარქოს სინოდური კომისიის ამა წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიაში მყოფ მღვდელმსახურს, დეკანოზ ილია (ირაკლი) ჭიღლაძეს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებისა და სასულიერო პირებისადმი მასმედიაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების, ასევე სინოდურ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით არგამოცხადების გამო, მოციქულთა 55-ე, 56-ე და 74-ე კანონების საფუძველზე, განეჩინა ყოველგვარი მღვდელმოქმედების აკრძალვა და მიეცა დრო სინანულისთვის.

საბოლოო გადაწყვეტილებისთვის საკითხი წარედგინება წმინდა სინოდის სხდომას“,- აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს