თაკო ჩარკვიანი - მე არ მოვაწერე ხელი ოპოზიციის წერილს, რადგან იქ იყო ამნისტიის პუნქტი

წერილის ის პუნქტი, რომ ამნისტია შეეხებოდა 20 ივლისს თვალების დამთხრელებს, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო, ამიტომ არ მოვაწერე ხელი წერილს, - ამის შესახებ პარტიის "კანონი და სამართალი" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპელი პარტნიორების მიმართ ოპოზიციის ნაწილის წერილს.

მისი თქმით, ოპოზიციას არ უნდა სჭირდებოდეს წერილის გაგზავნა იმისთვის, რომ "ქართული ოცნების" მიერ შეთანხმებების დარღვევაზე რეაგირება იყოს.

"მე არ მოვაწერე ხელი წერილს, რადგან იქ იყო ამნისტიის პუნქტი. რაიმე შესრულდა ამ ქვეყანაში? არც შარლ მიშელის ხელშეკრულება შესრულდა და ეს პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე. ვფიქრობ, წერილის გაგზავნა არ უნდა გვჭირდებოდეს, თავად უნდა ჰქონდეს რეაქცია შარლ მიშელს და ალბათ, ექნება, რატომ და როგორ ახერხებს ხელისუფლება და რა არის ეს როცა არღვევს ყველაფერს", - განაცხადა ჩარკვიანმა.

ცნობისათვის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს, ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰელს მიმართავენ და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ.

წერილში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებს და ძირს უთხრიან ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს განამტკიცოს ევროპული მომავალი.

წერილში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ ევროკავშირი გამოიყენებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტს, როგორც შესაძლებლობას შეახსენოს საქართველოს მთავრობას ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები.

წერილის თანახმად, "პირობითობის" მექანიზმის გამოყენება, შესაბამისი დახმარების გამოყოფისას, არის ერთადერთი გზა საქართველოს დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად და ქვეყნის იმ საგარეო პოლიტიკურ არჩევანთან დასაბრუნებლად, რომელსაც ქართველი ამომრჩეველი უჭერს მხარს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს