მამუკა მდინარაძე - როგორი განცხადებებიც არ უნდა იყოს ოკუპანტი ქვეყნისგან, ამ ქვეყნის ყველა ხელისუფლების პოზიცია უცვლელია - საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი

როგორი განცხადებებიც არ უნდა იყოს ოკუპანტი ქვეყნისგან, საქართველოს და ამ ქვეყნის ყველა ხელისუფლების პოზიცია იქნება უცვლელი -ეს წერია კონსტიტუციაში, ეს არის ქართველი ხალხის ნებაც, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

მდინარაძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს პარტნიორები და დასავლელი მეგობრები ყველაფერს გააკეთებენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.

„ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ამ ქვეყანას განვითარების პერსპექტივა აქ გააჩნია, ევროპულ ოჯახში, აქედან გამომდინარე, ჩვენი კურსი იქნება ურყევი ნებისმიერი განცხადების, ნებისმიერი პოზიციის მიუხედავად და ასევე, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი პარტნიორები და მეგობრები დასავლეთიდან ამისთვის გააკეთებენ ყველაფერს და მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ. ბუნებრივია, რომ ქვეყნის პოზიცია, რომელსაც თავისი მიზნები აქვს ოკუპაციასთან დაკავშირებით, გააგრძელებს ასე საუბარს, მაგრამ ჩვენი ქვეყანა, ისევე როგორც უკრაინა, არასდროს შეეგუება იმას, რომ მისი ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი იყოს ოკუპირებული და ყველაფერს გააკეთებს დეოკუპაციისთვის და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატოსგან მოითხოვს იურიდიულად უკან წაიღოს უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ დაპირება, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაჟღერდა.

ამის შესახებ საუბარია სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც უწყების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნულს ევროპული უსაფრთხოების ინტერესებით ხსნის და აცხადებს, რომ აღნიშნული დაპირება წინააღმდეგობაში მოდის ვალდებულებასთან - „არ გააძლიერონ თავისი უსაფრთხოება სხვათა უსაფრთხოების ხარჯზე“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა