ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების შესაძლო შერიგებაზე საუბარმა ვადამდელი არჩევნების საკითხი არ უნდა ჩაანაცვლოს

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების შესაძლო შერიგებაზე

საუბარმა ვადამდელი არჩევნების საკითხი არ უნდა ჩაანაცვლოს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განმარტა, დიალოგისთვის ყველამ თავის წილი პასუხისმგებლობა უნდა იკისროს.

„ჩვენ არ უნდა დავუტოვოთ საზოგადოებას იმის შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკოსებს შეგვეშინდა, ბიძინამ ხვალ შეიძლება ჩვენც დაგვიჭიროს. შეგვირიგდი და კი ბატონო, არაფერზე ხმას არ ამოვიღებო. არა! თუ შერიგებაზე და შეთანხმებაზეა საუბარი, ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, შეცდომა და დანაშაული უნდა აღიაროს“,-განაცხადა ბურჯანაძემ .

მისი განმარტებით, ზოგადად, შერიგების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ კატეგორიულად მიაჩნია საუბარი იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში არის „პოლიტიკური სასამართლო, პოლიტიკური დევნა და არჩევნები გაყალბებულია“.

„შერიგების, საუბრის, დიალოგის წინააღმდეგი არასდროს ვარ. მიმაჩნია, რომ დიალოგი, შეთანხმება და საუბარი სწორედ მაშინ არის საჭირო, როდესაც მძიმე ვითარებაა, როდესაც არის დაპირისპირებული მხარეები. როდესაც იმ პოზიციების შეუმწყნარებლობაა, რაც სხვადასხვა მხარეს აქვთ, მაგრამ დიალოგს, საუბარს, მით უმეტეს, შერიგებას სჭირდება ორივე მხარის სურვილი და მზაობა. ის კომენტარები, რომელიც ბატონი კობახიძის მხრიდან მოვისმინეთ, რომელმაც ამაზრზენი განცხადებები გააკეთა, ქალბატონი წულუკიანის განცხადებების ტონით და იმ განცხადებებით, რომელიც გვესმის ზოგადად ხელისუფლების მხრიდან, არანაირი ილუზია არ მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ რამე შეთანხმებაზე შეიძლება საუბარი. მგონია, ქალბატონი სალომეს ეს ლამაზი ინიციატივა არის ის, რომელიც მან დასავლეთში გაახმოვანა. მას სჩვევია ხოლმე დასავლეთში ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთება, რომელიც მეტ-ნაკლებად ცივილიზებულობის და დემოკრატიულობის იმიჯს უნარჩუნებს, მაგრამ არ მგონია, ამას რაიმე რეალური შედეგი შეიძლება მოჰყვეს“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი შეფასებით, ყოფილი და ამჟამინდელი პრეზიდენტის შეხვედრის თაობაზე მიხეილ სააკაშვილის განცხადება პოლიტიკურად სწორი შეთავაზება იყო. თუმცა, მისი განმარტებით, ამას რეალური შედეგი ვერ მოჰყვება, რადგან სალომე ზურაბიშვილის „სიტყვას სამწუხაროდ დღემდე წონა არ აქვს“.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, რათა "მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ".

თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილის განცხადების საპასუხოდ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ გაჟღერებულ წინადადებას სამი პრეზიდენტის შეხვედრის თაობაზე.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა