მაკა ბოჭორიშვილი - იმედს გამოვთქვამთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გზას გაუხსნის ახალ შესაძლებლობებს „ასოცირებული სამეულისთვის“ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე

იმედს გამოვთქვამთ, რომ ბრიუსელის აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მე-6 სამიტი გზას გაუხსნის ახალ შესაძლებლობებს „ასოცირებული სამეულისთვის“ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს გეგმის წარმატებისთვის, რაც გულისხმობს 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთებას, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებული ურთულესი გამოწვევების გათვალისწინებით, ეს სამიტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება, ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მნიშვნელობასთან დაკავშირებით.

„2021 წლის 15 დეკემბერს, ბრიუსელში გაიმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მე-6 სამიტი, რომელშიც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს მონაწილეობას.

2021 წლის სამიტი განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით:

აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავის შემდგომ ბრიუსელსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში მიმდინარეობდა აქტიური მსჯელობები აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით. ევროკომისიის მიერ შემუშავდა რამდენიმე დოკუმენტი, სადაც საუბარია აღმოსავლეთ პარტნიორებთან სამომავლო ურთიერთობებზე. სამიტი პოლიტიკურ წონას შემატებს იმ სამუშაოს, რაც ორი წლის განმავლობაში გასწიეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, ევროკავშირის ინსტიტუტებმა და დაინტერესებულმა პარტნიორმა ქვეყნებმა.

ასოცირებული ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევით, შეიქმნა „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპული მისწრაფებების პროგრესს. ხაზი უნდა გაესვას ამ პროცესში საქართველოს განსაკუთრებულ აქტიურობას, კერძოდ, საქართველომ ა.წ. 19 ივლისს უმასპინძლა პირველ სამიტს ტრიოს ფორმატში, რომელსაც საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთად ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც მონაწილეობდა. იმედს გამოვთქვამთ, რომ დეკემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გზას გაუხსნის ახალ შესაძლებლობებს „ასოცირებული სამეულისთვის“ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს გეგმის წარმატებისთვის, რაც გულისხმობს 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთებას.

უსაფრთხოების კუთხით ჩვენს რეგიონში არსებული ურთულესი გამოწვევების გათვალისწინებით, ეს სამიტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება, ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მნიშვნელობასთან დაკავშირებით

მოველით, რომ სამიტი შეძლებს პოლიტიკური დეკლარაციის მიღებას, რომელშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან და ჩვენს პერსპექტივებთან დაკავშირებით იქნება მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილები.

მოსამზადებელ პერიოდში ჩვენ აქტიურად გამოვიყენეთ საპარლამენტო თანამშრომლობის შესაძლებლობები და ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობით, გასულ კვირას მივიღეთ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს განცხადება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისათვის. ბიუროს მორიგი სხდომა ჩემი და ანდრიუს კუბილიუსის თანათავმჯდომარეობით 2 დეკემბერს გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ევროპარლამენტის წევრებმა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან და აზერბაიჯანის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთის და უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელებმა. ევრონესტის ბიუროს მიერ მიღებულ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირისა და დაინტერესებული პარტნიორების სტრატეგიული მიზანია ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების დაჩქარება და ეკონომიკური ინტეგრაცია, რაც რეგიონის სტაბილურობისა და კეთილდღეობის გარანტს წარმოადგენს. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა ასევე აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა უნდა გავრცელდეს იმ პარტნიორებზე, რომლებიც ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის პირობებს აკმაყოფილებენ. საპარლამენტო ასამბლეა მნიშვნელოვნად მიიჩნევს „ასოცირებული სამეულისთვის“ ევროკავშირის ქმედითი ინსტრუმენტების გამოყენების საჭიროებას, რაც ამ ქვეყნებს, განსახორციელებელი რეფორმებისთვის მოტივაციის გაზრდაში დაეხმარება.

ჩვენი გზავნილი ასევე ეხმაურება რუსეთის ფედერაციის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას გაიყვანოს სამხედრო ძალები ამ ქვეყნების ტერიტორიებიდან.

დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირმა მეტი აქტიურობა და ჩართულობა გამოიჩინოს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების კუთხით. ასევე მნიშვნელოვანია, გაძლიერდეს თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში.

განცხადებაში აღნიშნულია: „მიგვაჩნია, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის აუცილებელია ჩამოყალიბდეს უფრო კოორდინირებული პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის მიმართ, რათა მოვახდინოთ სათანადო რეაგირება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით“.

ევრონესტის ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის გზავნილის ტექსტი უკვე გადაეგზავნა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლეიენს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს დევიდ სასოლისა და ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს