ანრი ოხანაშვილი ცესკო-ს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესზე- ოპოზიციამ კონსენსუსზე თავად თქვა უარი და ამის მიუხედავად, უნდა გვქონდეს რეგულაცია, რომელიც 6 თვით გამწესების გამო 4-თვიან პროცედურას საჭიროებს-ასეთი ნონსენსია

ოპოზიციამ კონსენსუსზე თავად თქვა უარი და ამის მიუხედავად, უნდა გვქონდეს რეგულაცია, რომელიც 6 თვით გამწესების გამო 4-თვიან პროცედურას საჭიროებს - ასეთი ნონსენსია, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, სადაც ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესის ცვლილების საკითხი განიხილეს.

როგორც ოხანაშვილმა განმარტა, ოპოზიციის წევრებმა ცესკოს პროფესიული წევრების არჩევისას მათი არაკომპეტენტურობის თაობაზე არგუმენტები ვერ დაასახელეს და „მხოლოდ ჰიპოთეტური, სუბიექტური დაშვებით, აბსურდული მსჯელობა შემოგვთავაზეს“.

„იმისთვის, რომ ადამიანი 6 თვის ვადით გავამწესოთ პოზიციაზე, გვჭირდება 4 თვე. ასეთი ნონსენსია. პრაქტიკულმა მოცემულობამ გვაჩვენა, რომ კონსენსუსით გადაწყვეტილების მიღების არანაირი ინტერესი არ არსებობდა. წარმოდგენილი იყვნენ კანდიდატები, ვისთან მიმართებითაც ოპოზიციამ ვერ დაასახელა ვერცერთი არგუმენტი, იყვნენ თუ არა ისინი არაკომპეტენტურები. მეტიც, მათ თქვეს, რომ წარმოდგენილი კანდიდატები იყვნენ კომპეტენტურები, თქვეს ისიც, რომ ისინი იყვნენ კეთილსინდისიერები, თუმცა იმის გამო, რომ ისინი იყვნენ პროფესიული საჯარო მოხელეები, რომელთა ნაწილი მუშაობდა შევარდნაძის ხელისუფლების დროს, სააკაშვილის ხელისუფლების დროს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროსაც, გამოთქვეს ეჭვი, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს მუშაობის პერიოდში ისინი ყოფილიყვნენ მიკერძოებულები. ფაქტი ვერ დაასახელეს, მხოლოდ ჰიპოთეტური, სუბიექტური დაშვებით, ასეთი აბსურდული მსჯელობა შემოგვთავაზეს. ამიტომ, ამ ადამიანებმა კონსენსუსზე თავად თქვეს უარი და ამის მიუხედავად, უნდა გვქონდეს რეგულაცია, რომელიც 6 თვით გამწესების გამო 4-თვიან პროცედურას საჭიროებს - ეს რამდენად ლოგიკურია, ეს უკვე ჩვენმა საზოგადოებამ განსაჯოს“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი იცვლება. რამდენიმე თვის წინ ამ მიმართულებით კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებში ცვლილება შევა, რომელიც უკვე მომზადებულია. პროექტით, თუ ცესკოს წევრის/ცესკოს თავმჯდომარის პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ასარჩევად გამართული კენჭისყრის შედეგად ყველა ვაკანსია არ შეივსო, ყველა იმ დარჩენილ კანდიდატს, რომელმაც ამ კენჭისყრისას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა, ხელახლა ეყრება კენჭი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს