პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტს უკრაინის მხარდამჭერი აქტის მიღებისკენ მოუწოდა

პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა საქართველოს პარლამენტს უკრაინის მხარდამჭერი აქტის მიღებისკენ მოუწოდა. როგორც მან პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ის, რაც დღეს ხდება ჩვენს რეგიონში, განსაკუთრებით უკრაინასთან დაკავშირებით, ძალიან მძიმე და სახიფათოა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვის.

დეპუტატის თქმით, იმავე მხარდამჭერი აქტით, საქართველოს პარლამენტმა უნდა მოუწოდოს ევროკავშირსა და ნატოს, გაათვითცნობიეროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე მზარდი გეოპოლიტიკური რისკები და იმუშაოს ამ ორგანიზაციებში საქართველოსა და უკრაინის ინტეგრაციის პრაქტიკული ნაბიჯების მყისიერ შემუშავებაზე.

„რეალურად უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ ბოლო პერიოდში გადადგმული მტრული ნაბიჯები, მათ შორის, უკრაინის საზღვრებთან მსხვილი საბრძოლო შენაერთების მობილიზება, მძიმე ტექნიკის განლაგება, აზოვის ზღვაში პროვოკაციული სამხედრო მანევრების დაგეგმვა, ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის პირდაპირი და დაუფარავი მუქარა, უკრაინის, ისევე, როგორც საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებაზე ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობისა და ცივილიზებული სამყაროს შანტაჟი, ეს ყველაფერი არის უდიდესი საფრთხე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვის, რეგიონისთვის და მთელი ევროპული უსაფრთხოებისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოგიწოდებთ ყველას, თითოეულ დეპუტატს, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღოს უკრაინის მხარდამჭერი აქტი შემდეგი შინაარსით, რომ ჩვენ გამოვხატავთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მეგობარ, მოკავშირე, თავისუფლებისმოყვარე უკრაინელი ხალხის, ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, რომ მკაცრად ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებს და დაგეგმილ ძალისმიერ სამხედრო აგრესიას, რომელიც საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება, რომ საქართველოს მთავრობას მივმართავთ, გააგრძელოს კონსულტაციები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საჭიროების შემთხვევაში, აღმოუჩინოს ქმედითი პოლიტიკური, ტექნიკური და სხვა სახის მხარდაჭერა და დახმარება. ასევე, საქართველოს მთავრობამ ოფიციალური კიევის მხარდასაჭერად აქტიური მონაწილეობა მიიღოს, გაეროს, ეუთოს, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით უკრაინის საკითხზე დაგეგმილ ღონისძიებებში, ასევე, მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გაიყვანოს უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული სამხედრო შენაერთები, შეწყვიტოს აზოვის ზღვაში მიმდინარე თუ დაგეგმილი პროვოკაციული ღონისძიებები და უკრაინის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ყველა ქმედება. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოებს, რომ მიიღონ ქმედითი პოლიტიკური, ეკონომიკური და დიპლომატიური ზომები, უკრაინის მშვიდობისა და თავისუფლებისმოყვარული მოქალაქეების დასახმარებლად, რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიისგან უკრაინის დასაცავად და ფართომასშტაბიანი შეირაღებული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად,“- განაცხადა დაუშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა