სალომე სამადაშვილი უმრავლესობაზე - შეიძლება ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე დაემატონ პოლიტიკური ნიშნით პატიმრების სიას - მაინტერესებს, შერცხვებათ თუ არა ჩვენს კოლეგებს, ქვეყანაში ეს დღე რომ დადგეს?

ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტში საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თაობაზე რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრირა. შესაბამის საკითხზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განცხადება დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

როგორც სამადაშვილმა განმარტა, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოს პარლამენტისგან, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი მთავარი პოლიტიკური ორგანოსგან, პასუხს მოითხოვს.

„ის თავხედური თავდასხმა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე, რაც რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში მოვისმინეთ, მოითხოვს არაერთაზროვან პასუხს საქართველოს პარლამენტისგან, როგორც ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი მთავარი პოლიტიკური ორგანოსგან. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შეთანხმების იმ სივრცეზე, სადაც შეიძლება რომ დარბაზში, ამ კიბის მარცხნივ და მარჯვნივ მსხდომმა ადამიანებმა ერთად დაუჭირონ რამეს მხარი, სწორედ ასეთი ინიციატივაა რეზოლუციის ის პროექტი, რომელსაც გთავაზობთ. მაგრამ რთულია შერიგებაზე საუბარი მაშინ, როდესაც მართველი გუნდის წარმომდგენლებისგან მუქარის ენა გვესმის“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამასთან, სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა „ინკლუზიურ პროცესთან“ დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას და სალომე ზურაბიშვილს მიმართა, რომ შერიგების თაობაზე მისი მხრიდან ყველაზე ნათელი გზავნილი ყოფილი პრეზიდენტის შეწყალება იქნება.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აქ ამ დარბაზიდან გამოვეხმაურო საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც ვფიქრობ, ყველაზე კარგად ხედავს ჩვენთან ერთად იმას, რომ ამ ქვეყნის მომავალს ნატო-ში, ჩვენს სუვერენიტეტს, საფრთხეს უქმნის ეს ხელისუფლება და მის მიერ განხორციელებული პოლიტიკა, გარდა ჩვენი სუვერენიტეტის შესაზღუდად ჩრდილოელი მეზობლის წარმოებული აგრესიული პოლიტიკისა. როდესაც ყოველ დღე საუბრობთ პოლიტიკურ შურისძიებაზე, მართლმსაჯულების სისტემის გამოყენებაზე პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მე არ ვიცი, შეიძლება შემდეგ პლენარულ სხდომაზე, მაგალითად, ჩემი კოლეგა ბადრი ჯაფარიძე და ჩვენი თანამოაზრე, ბატონი მამუკა ხაზარაძე დაემატონ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნილების და უკვე პატიმრების სიას. მაინტერესებს, შერცხვებათ თუ არა ჩვენს კოლეგებს, ქვეყანაში ეს დღე რომ დადგეს?

ამიტომ მინდა პრეზიდენტს მოვუწოდო, მაშინ, როდესაც ხედავთ, რომ ბატონი კობახიძე საუბრობს შურისძიებაზე და იმაზე, რომ პოლიტიკური სივრციდან რომელიმე პოლიტიკური პარტია საერთოდ უნდა გაქრეს, ვფიქრობ, ყველაზე სწორი ნაბიჯი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ნახევარი მილიონი ადამიანისთვის, რომელიც კონკრეტულად ერთ პოლიტიკურ პარტიას აძლევს ხმას, შერიგების თაობაზე ყველაზე ნათელი გზავნილი იქნებოდა კონსტიტუციური პრეროგატივის გამოყენება და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ შეწყალების აქტის განხორციელება.

რაც შეეხება მომავალ სასამართლო პროცესებს, იმედი მაქვს, ნატო-ში გაწევრიანების შესახებ რეზოლუციას ეს პარლამენტი ერთხმად მიიღებს, მაგრამ რამდენი რეზოლუციაც არ უნდა მივიღოთ, თუ პოლიტიკური ნიშნით დევნა გაგრძელდება, არანაირი შანსი არ გვექნება ნატო-ს წევრის სტატუსის მიღების. მინდა, ჩვენს კოლეგებს უმრავლესობიდან შევახსენო, რომ დემოკრატია და აქციები კი არ უქმნის საფრთხეს ამ ქვეყნის განვითარებას, არამედ ის, რომ დაუცველები ვართ და არცერთ მნიშვნელოვან დასავლურ ალიანსში გაწევრიანებული არ ვართ“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს