ანა ნაცვლიშვილი - თუ არ იცის ნიკოლოზ სამხარაძემ და თანაგუნდელები უმალავთ ინფორმაციას, მე ვეტყვი - ტყუილია, თითქოს სასამართლო რეფორმის მიმართულებით არ არსებობს კონკრეტული ხედვა

თუ არ იცის ბატონმა ნიკოლოზმა და თანაგუნდელები მას უმალავთ ამ ინფორმაციას, მე ვეტყვი ამ ტრიბუნიდან, რომ ტყუილია საუბარი იმაზე, თითქოს სასამართლო რეფორმის მიმართულებით არ არსებობს კონკრეტული ხედვა, - ასე გამოეხმაურა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო რეფორმის ფართომასშტაბიანი ანალიზი დასავლეთის ქვეყნებიდან ყოფილი და მოქმედი მაღალკვალიფიციური მოსამართლეების ჩართულობით უნდა მოხდეს.

მან ტყუილი უწოდა იმ ინფორმაციასაც, რომ დასავლელი მოსამართლეების რეფორმების პროცესში ჩართვის საკითხის შეთანხმება საპარლამენტო დელეგაციის ვაშინგტონში ვიზიტის განმავლობაში მოხდა და აღნიშნა, რომ ეს ვალდებულება ჯერ კიდევ შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული.

„ძალიან უხერხულია, როდესაც საპარლამენტო ტრიბუნა გამოიყენება არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის. თუ არ იცის ბატონმა ნიკოლოზმა და თანაგუნდელები მას უმალავთ ამ ინფორმაციას, მე ვეტყვი ამ ტრიბუნიდან, რომ ტყუილია საუბარი იმაზე, თითქოს სასამართლო რეფორმის მიმართულებით არ არსებობს კონკრეტული ხედვა. ეს კონკრეტული ხედვა ძალიან დიდი ხანია არსებობს, არსებობს სამოქალაქო საზოგადოების მიერ შემუშავებული, არსებობს ამ პარლამენტში დარეგისტრირებული საკანონმდებლო ინიციატივა ორი ფრაქციის მიერ, რომლის განხილვის დაწყებაც კი არ ისურვეთ თქვენ და თქვენმა თანაგუნდელებმა. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ნუ გაავრცელებთ ტყუილს. ეს ხედვა არსებობს. მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსაც კი აქვს მომზადებული და საჯაროდ დადებული ხედვა, როგორ უნდა მოხდეს სასამართლოს გათავისუფლება პოლიტიკური და კლანური გავლენისგენა, ამიტომ ტყუილების გავრცელება არის ცუდი.

ახლა საკითხი მეორე, თქვენ ახსენეთ, რომ ამერიკელ პარტნიორებთან შეთანხმდით, რომ მოხდეს ჩატარებული რეფორმების რევიზია. ტყუილი ნომერი ორი - თქვენ ახლა კი არ შეთანხმდით ამერიკელ პარტნიორებთან ამ რევიზიის შესახებ, ამასაც თუ გიმალავენ, გთხოვდით ჩახედოთ 19 აპრილის შეთანხმებას, სადაც თქვენ აიღეთ ვალდებულება, რომ ჩაატარებდით აქამდე განხორციელებული რეფორმების დამოუკიდებელი ექსპერტების მხრიდან შეფასებას. როგორც ჩანს, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა შეხვედრაზე ცხვირწინ დაგიდეს ეს შეთანხმება და შეგახსენეს, რომ არ ასრულებთ აღებულ პირობას და ახლა გინდათ, ეს შიდა მოხმარებისთვის მოგვყიდოთ როგორც თქვენი შეთანხმება და რაღაც დიდსულოვანი ნაბიჯი, ასეც არ გამოვა! ტყუილები არის სირცხვილი.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ თქვენ და თქვენს თანაგუნდელებს, სწრაფად გადაიდგას ნაბიჯები საჭირო რეფორმებისთვის. სასამართლო რომ დამოუკიდებელი არ არის საქართველოში, ამისთვის არსებობს არაერთი კვლევა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, მათ შორის, გუშინ გამოქვეყნდა დემოკრატიის ინდექსის მიერ ძალიან მტკივნეული დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებები ფაქტებსა და რეალობასაც კი ვერ ასახავს საკმარისად და დასაბუთების ხარისხი არის სამარცხვინო, განაჩენებიდან საერთოდ არ ჩანს, ადამიანებს რის საფუძველზე გზავნიან ციხეში", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ინფორმაციით, არის მზაობა, რომ სასამართლო რეფორმის პროცესში დასავლეთის ქვეყნებიდან ყოფილი და მოქმედი მაღალკვალიფიციური მოსამართლეები ჩაერთონ. როგორც მან საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო დელეგაციის ვაშინგტონში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა, დასავლელ პარტნიორებში არის აღქმა, რომ სასამართლო რეფორმის მიმართულებით კონკრეტული წინადადებები შემუშავებული არ არის. მისი თქმით, სწორედ იმის გამო, რომ სასამართლო რეფორმას კონკრეტიკა აკლია, მნიშვნელოვანია ფართომასშტაბიანი ანალიზი, რაშიც მოსამართლეები დასავლეთის ქვეყნებიდან უნდა ჩაერთონ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს