ნათია თურნავა - აზერბაიჯანი კვლავაც რჩება ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს სავაჭრო პარტნიორად, 2021 წლის 10 თვეში ორმხრივი ვაჭრობა 16 პროცენტით, ხოლო ექსპორტი 22 პროცენტით გაიზარდა

აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაელ ჯაბაროვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის დროს მხარეებმა ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური საკითხები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და გურამ გურამიშვილი, საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, აგრეთვე საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე.

„დღეს, საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ბიზნესფორუმის გახსნამდე მე და ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგას შესაძლებლობა გვქონდა, გვემსჯელა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკურ ურთიერთობებზე - აზერბაიჯანი კვლავაც რჩება ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს სავაჭრო პარტნიორად, უფრო ზუსტად, რიგით მეოთხე სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა - 2021 წლის 10 თვეში ორმხრივი ვაჭრობა 16 პროცენტით, ხოლო ექსპორტი აზერბაიჯანში 22 პროცენტით გაიზარდა. აზერბაიჯანი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბაზარია ქართული ექსპორტისთვის და მე კიდევ ერთხელ მომეცა შესაძლებლობა, რომ მესაუბრა ქართული პროდუქციის უფრო თავისუფალი შესვლის რეჟიმზე აზერბაიჯანის ბაზარზე, ამ კუთხით ძალიან ბევრი ტექნიკური საკითხია, რომლის გადაწყვეტასაც ჩემი კოლეგა შემპირდა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრების შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მსხვილ რეგიონალურ პროექტებზე, როგორც საქართველო-აზერბაიჯანის, ისე - საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში, რომელიც წლებია, აქტიურად და წარმატებით მიმდინარეობს. ამ მხრივ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა ბიზნესფორუმების ჩატარების მნიშვნელობას, რომლებიც 2012 წლიდან იმართება და წელს უკვე მეექვსედ შეახვედრებს ერთმანეთი სამი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს.

„ჩვენ, სამ ქვეყანას - საქართველოს, აზერბაიჯანს და თურქეთს გვაქვს ძალიან ბევრი ერთობლივი მსხვილი რეგიონალური პროექტი - ნავთობის და გაზის, რკინიგზის სფეროში. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ გავცვალოთ შეხედულებები, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ურთიერთ ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო ნაყოფიერი და რაც მთავარია, მეტი კონტაქტები დავამყაროთ ქართულ და აზერბაიჯანულ ბიზნესებს შორის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

სხვადასხვა სექტორში საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობაზე საუბრობს აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი მიქაელ ჯაბაროვიც, ამასთან, ის აქცენტს აკეთებს მათი კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობაზე.

„ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას მზარდი ხასიათი აქვს. ამასთან, ჩვენ კვლავ ვმუშაობთ თანამშრომლობის გაფართოებაზე ყველა მიმართულებით, მათ შორის - ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ვაჭრობა, ორმხრივი ინვესტიციები. დღევანდელ ბიზნესფორუმს რაც შეეხება, ეს არის კარგი შესაძლებლობა სამმხრივი პროექტების იდენტიფიცირების კუთხით, რადგან ჩვენ ქვეყნებს შორის ვაჭრობა ყოველწლიურად სულ უფრო აქტიურად მიმდინარეობს. დარწმუნებულები ვართ, რომ სამივე ქვეყნის საქმიანი წრეებისთვის სასარგებლო პროცესში ბიზნესებს შორის კონტაქტების გაღრმავება განამტკიცებს რეგიონალური თანამშრომლობას“, - განაცხადა მიქაელ ჯაბაროვმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო