მამუკა მდინარაძე - მავანთ სურთ, დაიხატოს ისეთი სურათი, რომ ასეთი დიდსულოვანი და კეთილშობილური იდეით გამოვიდნენ და ჩვენ, ძალიან ცუდები, რომელთაც შენდობის უნარი არ გაგვაჩნია, უარს ვამბობთ

მავანთ სურთ, დაიხატოს ისეთი სურათი, რომ ასეთი დიდსულოვანი და კეთილშობილური იდეით გამოვიდნენ და ჩვენ, ძალიან ცუდები, რომელთაც შენდობის უნარი არ გაგვაჩნია, უარს ვამბობთ - ეს მესიჯი არის არა მხოლოდ შიდა, არამედ გარე მოხმარებისთვის,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ეროვნული შერიგების იდეასთან დაკავშირებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციამ ყველაფერი იკადრა, რათა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლით სიტუაცია არეულიყო და როდესაც დარწმუნდნენ, რომ ხალხი არ აღშფოთდა, თქვეს - „დაგნებდით და შევრიგდეთო“.

„ეს მესიჯი არის არა მხოლოდ შიდა, არამედ გარე მოხმარებისთვის - საქართველოში ოპოზიციამ, განსაკუთრებით ისეთმა "დიდსულოვანმა" ხალხმა, როგორიც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან, „ქართული ოცნების“ წევრებს შერიგება შესთავაზეს და ამათ უარი უთხრეს. სინამდვილეში რა ხდება - ღმერთი რომ გაუწყრეთ ერთ შვენიერ დღეს და სიმართლე თქვან - ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, ვიკადრეთ, ყველაფერი გაკადრეთ, რომ ეს ქვეყანა აგვეყირავებინა, მოგრეოდით, ვერ მოგერიეთ და ახლა თეთრი დროშები ავაფრიალეთ. ეს ხომ მარტივი ამბავია, რომ ყველაფერი იკადრეს, რათა სიტუაცია არეულიყო, თავისი ყოფილი პრეზიდენტის და დამნაშავის ქვეყანაში ჩამოსვლით, მაგრამ ამანაც ვერ იმოქმედა. როდესაც დარწმუნდნენ, რომ რაც ხდება, რომ თითქოს სააკაშვილის პატიმრობა არის უკანონო და პოლიტიკური, ხალხს ვერ აღაშფოთებს, ამბობენ - ჩვენ დაგნებდით და შევრიგდეთ. ვთავაზობთ, ორი კვირა მაინც მოითმინონ, თუ მოხდება ისე, რომ მათი ტელევიზიები და თავად, ტყუილს არ იტყვიან, ელემენტარულად ტყუილს არ იკადრებენ. მათ ტელევიზიები ისე ქვემოთ ჩავიდნენ, ვის რა ფეხსაცმელი აცვია იმას დასდევენ, იქაც იტყუებიან ოღონდ, ფსკერიდანაც იტყუებიან. როდესაც საუბრობთ იმაზე, ჩემო ძვირფასო ოპონენტებო, რატომ გახვედით შარლ მიშელის დოკუმენტიდანო, შემთხვევით ხომ არ გავიხსენებდით იმას, რომ ასი დღის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი არ მოაწერა. იმასაც ხომ არ გაიხსენებდით, რომ ამ შეთანხმებიდან გასულები ვიყავით, მაგრამ უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმა გავატარეთ?!“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციას შერიგება კი არა, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მართლმსაჯულებიდან დახსნა სურს.

„როდესაც იმ ხალხიდან, რომელიც ტყუილების ნარატივით ცდილობს ამ დღის წესრიგის შექმნას, ვინმე თავის თავზე მაღლა დადგება და იტყვის სიმართლეს, პატიებას სთხოვს, მაგალითად, იმ 10 ათასზე მეტ ადამიანს, რომელთაც ვითომ გაიღვიძეს და სახელმწიფოზე თავისი ქონების ჩუქება მოინდომეს და თუ ისინი აპატიებენ, ჩვენც ვიფიქრებთ, ვაპატიოთ თუ არა და შევურიგდეთ თუ არა. თუ ამას ვერ შეძლებენ და დანაშაულს სამშობლოს სიყვარულს დაარქმევენ, რასაც წინა დღეების განმავლობაში ყოფილი დამნაშავე პრეზიდენტი აკეთებდა, მაშინ ეს ყველაფერი ხალხისთვისაც მარტივი გასაგები იქნება, რომ მხოლოდ პოპულიზმია და არანაირი შერიგება არ უნდათ. მათ უნდათ ერთი რამ - მიხეილ სააკაშვილის დახსნა მართლმსაჯულებიდან“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძე გამოეხმაურა ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თაობაზე რეზოლუციის პროექტის დარეგისტრირებას და განაცხადა, რომ ის, რაც რეზოლუციაში ჩაწერეს, საქართველოს კონსტიტუციაში წერია.

„დღეს ვითომ ოკუპაციის ხარისხზე გაბრაზდნენ. ერთხელ არ უხსენებიათ ამ რეზოლუციის ავტორებს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში წერია ის, რაც რეზოლუციაში ჩაწერეს. ხვალ მეორე რეზოლუციას დაარეგისტრირებენ და ეს პოპულისტური სვლები უნდა იყოს დღის წესრიგის შემქმნელი. ერთხელ არ უხსენებიათ წლების განმავლობაში, რომ საქართველოს კონსტიტუციაში წერია საქართველოს კურსის შესახებ. აქედან გამომდინარე, მოდით, ჯერ სახელი დავარქვათ ყველაფერს და ამის შემდეგ ვილაპარაკოთ დანარჩენ მოცემულობაზე“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა