ანა ნაცვლიშვილი - აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელსაც საჯაროდ კეთილშობილური მიზანი აქვს, ღიად თუ შეფარულად კონკრეტულ მიზანს ატარებს - კრიტიკულ მედიას საარსებო წყარო გადაუკეტოს!

აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელსაც საჯაროდ ძალიან კეთილშობილური მიზანი აქვს, ღიად თუ შეფარულად კონკრეტულ მიზანს ატარებს - კრიტიკულ მედიას საარსებო წყარო გადაუკეტოს! - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე “ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა.

ნაცვლიშვილმა ამ კონტექსტში ყურადღება საკანონმდებლო ცვლილებების იმ ნაწილზე გაამახვილა, რომლის მიხედვით, აზარტული თამაშების და მათი ორგანიზატორების სატელევიზიო რეკლამა იკრძალება.

ნაცვლიშვილის შეფასებით, ეს იქნება ხელისუფლების მორიგი ნაბიჯი მედიის წინააღმდეგ გალაშქრების მხრივ. ოპოზიციონერი დეპუტატი იმითაც დაინტერესდა, ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა იმიტომ ხომ არ ხდება, რომ სათანადო დისკუსიის გამართვა ვერ მოხერხდეს.

“მხოლოდ რეკლამის შეზღუდვა და ასაკის აწევა ადეკვატური პასუხი არ არის მიზეზებზე, რის გამოც ლუდომანია ფართოდ არის გავრცელებული და თუ ამას სახელმწიფო უყურებს როგორც სერიოზულ დაავადებას, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს სერიოზული დახმარება სჭირდებათ.

ჩავთვლიდი, რომ ეს არის უკიდურესად კეთილშობილური, საჭირო და დროული ინიციატივა და ორი ხელით მივესალმებოდი მის განხილვას, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რეალობა რომ არ იყოს. კანონპროექტი გამოიყურება როგორც ლუდომანიასთან ბრძოლის ინიციატივა, თუმცა ლუდომანიასთან არაეფექტური ბრძოლის პარალელურად, დაიწყება ბრძოლა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ. სარეკლამო შემოსავლების ძალიან დიდი წილი სწორედ ამ ბიზნესიდან არის, რაც კრიტიკულ და დამოუკიდებელ მედიას არსებობის შესაძლებლობას აძლევს. როგორ ფიქრობთ, მედია-საშუალებებს შემოსავლის ეს შესაძლებლობა რომ წაერთმევა, რა ალტერნატივა არსებობს, რომ სარეკლამო ბაზარი შეივსოს?!“, - მიმართა ნაცვლიშვილმა საკანონმდებლო პროექტის ინიციატორებს.

პარლამენტი დაჩქარებული წესით საკანონმდებლო პაკეტს იხილავს, რომელიც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. განხილვა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა