ევროკავშირი და „გაეროს განვითარების პროგრამა“ ადგილობრივი არჩევნების მედიამონიტორინგის საბოლოო შედეგებს აქვეყნებენ

ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მედიამონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნეს, რომელიც 5 ივლისიდან 14 ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ანგარიშში შესულია არჩევნების გაშუქების რაოდენობრივი მონაცემები და თვისებრივი ანალიზი 54 მედია-საშუალების მიხედვით.

„მედიამონიტორინგი ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა განახორციელეს - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, ინტერნიუს საქართველომ და CRRC-საქართველომ.

მედიამონიტორინგის შედეგების თანახმად, ქართული მედია საკმაოდ ეფექტიანად აშუქებდა საარჩევნო მოვლენებს. მედია-საშუალებები დროულად აქვეყნებდნენ მიმდინარე ინფორმაციას და მრავალფეროვან კომენტარებსა და მოსაზრებებს სთავაზობდნენ ამომრჩევლებს.

ცვალებადი წინასაარჩევნო გარემო და მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება არჩევნების გაშუქებაზე საგრძნობლად აისახა. მედიის დღის წესრიგს განსაზღვრავდა პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენათა მთელი რიგი, მათ შორის ივლისში განვითარებული ჰომოფობიური გამოსვლები და ჟურნალისტების მიმართ აგრესია, ხოლო შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავება და ამის გარეშემო განვითარებული მოვლენები.

სხვადასხვა სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედია-საშუალებები ამ ფაქტებს სრულიად განსხვავებულ ინტერპრეტაციასა და შეფასებას აძლევდნენ.

მედია-ბანაკებს შორის დაპირისპირება განსაკუთრებით მწვავე იყო სამაუწყებლო მედიის შემთხვევაში (ტელევიზია და რადიო). მედია-საშუალებათა უმრავლესობა მიკერძოებულ ინფორმაციას ავრცელებდა და ცდილობდა, რომ მიმდინარე მოვლენები ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოეჩინა.

საარჩევნო ტელედებატები ორი ტელევიზიის ეთერში გაიმართა, რაც საქართველოს პოლარიზებულ საარჩევნო გარემოს პირობებში, საკმაოდ დიდი მიღწევაა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დებატების მსვლელობისას, ჟურნალისტები კრიტიკული კითხვების დასმას ერიდებოდნენ, ხოლო ზოგიერთი კანდიდატის მიერ გაკეთებულ ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ გამონათქვამებზე სათანადო რეაგირება არ მოუხდენიათ.

წინასაარჩევნო პერიოდში, მედია-საშუალებები მეტ-ნაკლებად იცავდნენ ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს, თუმცა არჩევნების დღისა და მეორე ტურების მოახლოებასთან ერთად, დაძაბულობა გაიზარდა და ეთიკის სტანდარტების დარღვევაც გახშირდა.

გადაუმოწმებელი ინფორმაციისა და დისკრიმინაციული თუ შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის გამოყენება განსაკუთრებით ეროვნულ ბეჭდურ მედიაში შეინიშნებოდა, ხოლო რეგიონული და ადგილობრივი ბეჭდური გამოცემები მოვლენებს შედარებით მიუკერძოებლად აშუქებდნენ და მკითხველს მოსაზრებებისა და პოზიციების მრავალფეროვნებას სთავაზობდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, სხვა არჩევნებთან შედარებით, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენება საგრძნობლად შემცირდა მედიის ყველა სექტორში.

ამასთან, პოლიტიკური მიკერძოება ნაკლებად შეიმჩნეოდა ონლაინ მედიის სექტორში. როგორც ეროვნული, ისე რეგიონული მედია-საშუალებები ცდილობდნენ სარედაქციო დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინათ და არჩევნები ინფორმაციულობისა და მრავალფეროვნების სტანდარტების დაცვით გაეშუქებინათ. ამასთან ერთად, ონლაინ მედიაში გაშუქების ზედაპირულობა და ფრაგმენტულობაც შეიმჩნეოდა.

„პლურალისტური მედია-გარემოს არსებობის მიუხედავად, საქართველოში არჩევნების გაშუქება მძაფრი პოლარიზებით ხასიათდება. სანდო და დაბალანსებულ ინფორმაციას საკვანძო მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ ამომრჩევლებმა საარჩევნო ყუთებთან ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ და პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა ასუნსიონ სანჩეს-რუისმა.

საქართველოში UNDP-ის ხელმძღვანელის, ნიკ ბერესფორდის განცხადებით, „ქართული მედია მრავალფეროვანი და სწრაფად მზარდი გარემოა.

„ქართული მედია მრავალფეროვანი და სწრაფად მზარდი გარემოა. ის ხელს უწყობს საზოგადოებრივ მსჯელობას და დემოკრატიულ პროცესს, მათ შორის, არჩევნებს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური მიკერძოება, არაეთიკური გაშუქება და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოყენება კვლავ შეიმჩნევა მედიის რამდენიმე სექტორში“, - განაცხადა ნიკ ბერესფორდმა.

ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მედიამონიტორინგი 2022 წლის მარტამდე, პოსტ-საარჩევნო პერიოდშიც გაგრძელდება. ყველა ანგარიში ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: mediamonitor.ge

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო