არჩილ თალაკვაძე - C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებაზე ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილება ეფუძნებოდა  ადამიანის უფლებების პატივისცემას, მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის მისიას

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩვენი ხელისუფლების პირობებში ეფუძნებოდა ადამიანის უფლებების პატივისცემას, მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის მისიას. მონაცემები, რომელიც ჩვენ დღეს ვიხილეთ ნამდვილად საამაყოა. თავის დროზე, როდესაც საქართველომ დაიწყო ც ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა ეს შეადარეს დავითის და გოლიათის ამბავს. დღეს კიდევ უფრო მეტად ჩანს, რომ საქართველო ამ ისტორიაში სწორედ ამ როლში იყო და შეძლო ურთულესი პროექტის განხორციელება , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ თავის გამოსვლაში პროგრამის განხორციელების მონაცემებზე და შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, შთამბეჭდავია შედეგი, როდესაც 70 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე გადარჩა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის შედეგად. მათ შორის არიან ჩვენი თანამოქალაქეები აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან.

„ამ პროგრამამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჯანდაცვას, ჰუმანიტარულ ინიციატივებს, შეუძლია წაშალოს და დაარღვიოს ის ხელოვნური ბარიერები, რომლითაც სამწუხაროდ, ოკუპაციის შედეგად დღეს ჩვენი საზოგადოება არის გაყოფილი. დღეს შეგვიძლია სიამაყით განვაცხადოთ, რომ არც ერთი საქმე, ევროპულ სასამართლოში და ეროვნულ სასამართლოებში არ არის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, როდესაც მოქალაქეები ც ჰეპატიტის გამო და ბარიერების გამო უჩივიან საკუთარ სახელმწიფოს. ეს გახლავთ დიდი მიღწევა და ეს გადაწყვეტილება იმიტომ იყო წარმატებული, რომ ის ადამიანის უფლებების, ჯანდაცვის და ეკონომიკის საუკეთესო ბალანსის წერტილში გახლდათ მიღებული",-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვიცე-სპიკერმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის მინისტრებს, ვინც უშუალოდ იყვნენ ჩართულები პროგრამის განხორციელებაში, ჯანდაცვის სფეროს მეცნიერებს და პროფესიონალებს, ეპიდემიოლოგებს და სამოქალაქო საზოგადოებას და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ გამოხატა მკაფიო პოლიტიკური ნება ამ პროგრამის დასაწყებად, ხოლო ჯანდაცვის პროფესიონალებმა აჩვენეს სრული მზადყოფნა როგორც სამეცნიერო, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით.

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგების პრეზენტაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (US CDC) ინიციატივით გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ასევე საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, დარგის ექსპერტებმა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებიდან და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან და ცე ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებლებმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს