„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ - ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტის გამოძიება უსაფუძვლოდ ჭიანურდება

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის გამოძიებას ეხმაურება და პროცესს აფასებს როგორც არაეფექტურს, უსაფუძვლოდ გაჭიანურებულსა და გაუმჭვირვალეს.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ განცხადებით, გარდაცვალებიდან ხუთი თვის გასვლის შემდეგ, საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ არ არის ცნობილი ლექსო ლაშქარავასთვის 5 ივლისს მიყენებულ მძიმე ფიზიკურ დაზიანებასა და გარდაცვალებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შესახებ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საბოლოო შედეგები, ასევე, ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების შესახებ.

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. ის 5 ივლისს, „სირცხვილიას” ოფისთან პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სიძულვილის ჯგუფების მხრიდან მძიმე ფიზიკური დაზიანებების მსხვერპლი გახდა. ლექსო ლაშქარავას თავდასხმის შემდეგ ჩამსხვრეული ჰქონდა სახის ძვლები, რის გამოც ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. DRI-ის ხელთ არსებული ინფორმაციით, გამოძიება ამ დრომდე ამავე მუხლით გრძელდება.

სიძულვილის ჯგუფების მიერ ორგანიზებული მასობრივი ძალადობის ფაქტებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ამჟამად 4 საქმე განიხილება. ამ დროისთვის მიმდინარეობს მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი. ლექსო ლაშქარავას და მირანდა ბაღათურიას მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმის განხილვაში ბრალდებულია 6 პირი.

წინასასამართლო სხდომამდე 3 დღით ადრე, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება). თუმცა აღნიშნული სამედიცინო დასკვნა 5 ივლისის მოვლენების შედეგად მიღებულ დაზიანებებს შეეხებოდა.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ პოზიციით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებული გამოძიება მოძალადეებისთვის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორებისათვის ხელის დაფარების მცდელობად შეიძლება იყოს განხილული. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაწყებულია საქმის არსებითი განხილვა ისე, რომ არ დადგენილა 5 ივლისის ძალადობასა და 11 ივლისის გარდაცვალებას შორის მიზეზობრივი კავშირი. საქმის არსებითი განხილვისას შეუძლებელია ბრალის დამძიმება. შესაბამისად, სამედიცინო ექსპერტიზის მიერ მიღებულ დაზიანებებსა და 11 ივლისს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიზეზობრივი კავშირის დადგენის შემთხვევაში, ბრალდებულების პასუხისგებაში მიცემა ამ შედეგისათვის პროცესუალურად გამოირიცხება, ხოლო, მათი განმეორებითი მსჯავრდება ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებისათვის, შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებთან. აქედან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურამ და სხვა საგამოძიებო ორგანოებმა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, უნდა უზრუნველყონ საზოგადოების ინფორმირებულობა საქმის მიმდინარეობის შესახებ.

გარდა ამისა, უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ ამ ეტაპამდე არ არიან დაკავებულები მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები, მიუხედავად იმისა, რომ მათი ვინაობის შესახებ ცნობილია როგორც ფართო საზოგადოებისთვის, ასევე, საგამოძებო ორგანოებისთვის.

DRI მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე აწარმოონ ობიექტური გამოძიება და დააკავონ 5-6 ივლისის მასობრივი ძალადობის ორგანიზატორი პირები“,- აღნიშნულია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს