„რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე - „მწვანე პასპორტის“ ამოქმედების შემდეგ  სარესტორნო სფეროში სტუმრების რაოდენობა შემცირდა და პრობლემების ქვეშ მყოფი სფერო კიდევ უფრო დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა

„რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, შოთა ბურჯანაძის გაცხადებით, „მწვანე პასპორტების“ ამოქმედების შემდეგ სარესტორნო სფეროში სტუმრების რაოდენობა შემცირდა და შესაბამისად, "პრობლემების ქვეშ არსებული სფერო კიდევ უფრო დიდი პრობლემების ქვეშ აღმოჩნდა".

როგორც შოთა ბურჯანაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, რესტორნებისთვის დროის შეზღუდვის მოხსნა კარგი გადაწყვეტილებაა, თუმცა არ არის საკმარისი და სხვადასხვა ღონისძიების, მათ შორის ქორწილის გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვებიც უნდა მოიხსნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ბევრი რესტორანი დაიკეტება და ადამიანები უსამსახუროდ დარჩებიან.

ამასთან, შოთა ბურჯანაძის განმარტებით, რესტორანს უნდა მიეცეს „მწვანე ზონად“ ყოფნასთან დაკავშირებით არჩევანის საშუალება. კერძოდ, იმ რესტორანს, რომელიც „მწვანე ზონად“ ყოფნას აირჩევს, უნდა მოეხსნას დაწესებული შეზღუდვები, ხოლო რესტორნისთვის, რომლისთვისაც „მწვანე ზონად“ ყოფნა არ იქნება მისაღები, შეზღუდვები ძალაში დარჩეს.

„სამწუხაროდ, მოლოდინი, რომელიც არსებობდა, გამართლდა, რომ „მწვანე პასპორტები“ იმ ფორმით რა ფორმითაც დღეს არის დანერგილი საზოგადოებისთვის, ბიზნესისთვის, სახელმწიფოსთვის შედეგს ვერ გამოიღებდა. ჩვენ ხშირად აღვნიშნავდით იმ კონტრპროდუქტიულობას, რაც არსებული „მწვანე პასპორტის“ განვითარებას აქვს ბიზნესოპერატორებისთვის. აღნიშნული განსაკუთრებით პრობლემაა რეგიონებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ცოტა ადამიანია აცრილი, რეალურად სარესტორნო სფეროს სტუმრების რაოდენობა დააკლდა და შესაბამისად, პრობლემების ქვეშ არსებული სფერო, კიდევ უფრო პრობლემების ქვეშ აღმოჩნდა.

თუ სასწრაფოდ არ მოხდება „მწვანე პასპორტების“ ფორმის შეცვლა და ეს სარესტორნო სფეროსთვის ნებაყოფლობითი არ იქნება ან არ შეიცვლება მიმართულებები, ბევრი რესტორანი დაიხურება და ძალიან ბევრი ადამიანი სამსახურს დაკარგავს.

გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ქორწილების თუ სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებით არის შეზღუდვები, პრობლემა ძალიან დიდია. „მწვანე პასპორტის“ შექმნისა და უსაფრთხო ზონის შექმნის შემთხვევაში, აღნიშნული რეგულაციები უნდა მოხსნილიყო, სამწუხაროდ, ეს ნაბიჯი გადადგმული არ არის და შედეგები სავალალოა.

ის რაც გაკეთდა დროის შეზღუდვასთან დაკავშირებით, იყო სწორი ნაბიჯი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. იმ შემთხვევაში, თუ რესტორანი იქნება „მწვანე ზონა“, მას უნდა მოეხსნას შეზღუდვები, რაც ღონისძიებების, მათ შორის ქორწილის გამართვას უკავშირდება, ხოლო თუ ბიზნესობიექტი გადაწყვეტს, რომ მისთვის „მწვანე ზონა“ არ არის მისაღები, მისთვის შეზღუდვები უნდა დარჩეს. ამ შემთხვევაში ეს იქნებოდა გამოსავალი, როგორც ბიზნესოპერატორისთვის, საზოგადოებისთვის, დამკვეთისთვის, ასევე საქართველოში ეკონომიკური განვითარებისთვის. ის ვითარება, რაც დღეს გვაქვს, არის კონტრპროდუქტიული ყველა მიმართულებით“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო