საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის მერვე პლენარულ სხდომა გაიმართა

სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის მერვე პლენარული სხდომა გაიმართა.

ორგანიზაცია „კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“ (CENN) ინფორმაციით, ეროვნულ სატყეო პროგრამის პროცესი საქართველოში 2013 წლიდან მიმდინარეობს. მისი მიზანია საქართველოში სატყეო სექტორის რეფორმის ხელშეწყობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფა.

ორგანიზაციის ცნობით, წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე განიხილეს სატყეო დარგის მართვაზე პასუხისმგებელი უწყებების მიერ და საერთაშორისო მხარდაჭერით მიმდინარე ინიციატივების ფარგლებში 2021 წელს მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები.

შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. დარგის პრიორიტეტული საკითხებზე განცხადებები გააკეთეს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა არჩილ ნიკოლეიშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ვახტანგ წულუკიძემ, გერმანიის საელჩოს წამომადგენელმა კლიდია ქრისთმანმა, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრ კარნერმა და CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა ჯანაშიამ.

სექტორში მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები, პროექტები და გეგმების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა ისაუბრა. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორადიშვილმა კი 2021 წელს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მიღწეულ შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე გააკეთა აქცენტი. შემაჯამებელი გამოსვლები ასევე ჰქონდათ დაცული ტერიტორიების სააგენტოს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს.

„საქართველოს ტყეები, ერთი მხრივ, ჩვენი სიმდიდრეა და მეორე მხრივ, არის დიდი გამოწვევა. დღეს ჩვენ გვაქვს ახალი „ტყის კოდექსი“ და ტყის მდგრადი მართვა უკვე ხდება ხელშესახები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დღეს სრულიად განსხვავებულია სახელმწიფო სტრუქტურების მიდგომა ტყის მიმართ. ჩვენი დონორების დახმარებით, არასამთავრობო სექტორის ჩართულობით, ასოცირების ხელშეკრულებისა და საქართველოს საერთაშორისო მრავალმხრივი ხელშეკრულებების შესრულებით, საქართველო ნამდვილად დგას იმ გზაზე, რასაც ტყის მდგრადი მართვის პრინციპების განხორციელება ჰქვია“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.

შეხვედრაზე განიხილეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ტყის მიწების ამორიცხვის შესახებ, რომელსაც კომიტეტმა 13 დეკემბერს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.

„აღნიშნული ცვლილებებით მთავრდება თითქმის ორწლიანი სამოქალაქო ადვოკატირების პროცესი. 1-ელი იანვრიდან უკვე კანონით შეიზღუდება ტყის მიწების ქაოტური და მასობრივი ამორიცხვები, რითიც, სამწუხაროდ, სახელწმიფოს და ტყის ეკოსისტემებს დიდი ზიანი მიადგა. ფიზიკურ პირებზე უკვე განხორციელებული 18.000-მდე რეგისტრაციის მიზანშეწონილობის დადგენა და გაუქმება, ცხადია, შეუძლებელია. თუმცა, ცალკეული შემთხვევების შესწავლა გაგრძელდება და ტყის გარკვეული ფართობები უკან დაბრუნდება. ამის ერთ-ერთი მაგალითია ყვარელში გაურკვეველ ვითარებაში ამორიცხული 2,000 ჰექტარი ტყის მასივი, რომელიც ხარვეზის სახით ჩასწორდება და ტყის სტატუსი აღუდგება. დღეს სამინისტრომ წარმოადგინა მონაცემები, რაც ამორიცხული ფართობების მნიშვნელოვანი ნაწილის მიზნობრიობას ადასტურებს. ვფიქრობთ, რომ, ამ მხრივ, პროცესი სწორად ვითარდება. თუმცა, გვაქვს პრობლემებიც ახალ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით. ეს, პირველ რიგში, ეხება ტყის ამორიცხვის უპირატეს ინტერესად კერძო ტურიტულ-რეკრეაციული სარგებლობის დადგენას. ჩვენი შეფასებით, ეს შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს მთლიანად სექტორული რეფორმისთვის. თუკი საუბარია ტყეების ეკონომიკაში დაბრუნებაზე, ამისთვის ჩვენ გვჭირდება ინვესტორი და თუ მას დავახვედრებთ ასეთ კანონს, ის მოტივირებული იქნება, რომ ტყეში ფულის ჩადების ნაცვლად, ინვესტიციის სანაცვლოდ, ტყის ამორიცხვა მოითხოვოს. ამ პროცესსსამინისტროსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მივყვებით. იმედია, ტყეში ინვესტიციების ჩადებით დაინტერესებული ადამიანები არ შეცვლიან გადაწყვეტილებას“,- განაცხადა CENN-ის წარმოამდგენელმა რეზო გეთიაშვილმა.

დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ გერმანიის, იაპონიის, ავსტრიის, ლიეტუვის, ჩეხეთის, თურქეთის, უნგრეთის, შვედეთის და შვეიცარიის საელჩოების წარმომადგენლები.

ეროვნული სატყეო პროგრამა ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის მიერ, პროცესის მხარდამჭერია ორგანიზაცია CENN, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო