არჩილ თალაკვაძე - ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება ეკუთვნის მთლიანად პოლიტიკურ სპექტრს

ნატო- ს გენერალური მდივნის განცხადება ეკუთვნის მთლიანად პოლიტიკურ სპექტრს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იენს სტოლტენბერგის განცხადებას, რომელმაც ხელისუფლებას მოუწოდა ოპოზიციასთან იმუშაოს.

თალაკვაძის თქმით, ხელისუფლება მზადყოფნას გამოხატავს, ითანამშრომლოს ყველა პარტიასთან პარლამენტში, თუმცა, ოპოზიციის დიდი ნაწილი, კერძოდ - "ნაციონალური მოძრაობა" სხდომებზე წარმოდგენილი არ არის.

"საპარლამენტო დარბაზი და პოლიტიკური სივრცე მზად არის ოპოზიციის მუშაობისთვის, მაგრამ მათი ძირითადი ნაწილი არ არის ამ პროცესში ჩართული. შესაბამისად, როცა გენერალური მდივანი აკეთებს ასეთ განცხადებას, ის ეკუთვნის მთლიანად პოლიტიკურ სპექტრს, ვინაიდან ხელისუფლებას გამოხატული აქვს მზადყოფნა უკვე წლების განმავლობაში ყველა იმ პარტიასთან პარლამენტში სამუშაოდ, ვისაც აქვს მზადყოფნა ქვეყნის ეროვნული ინტერესების გარშემო რაიმე ტიპის პროცესში ჩაერთოს. ხელისუფლებამ მიიღო კონკრეტული დემოკრატიული გადაწყვეტილებები და ამ პირობებში, როცა ჩვენი პარტნიორები სვამენ საკითხს პოლიტიკური სისტემის სტაბილურობაზე, ხელისუფლებას აქვს თავის სათქმელი გაკეთებულ საქმესთან დაკავშირებით, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას" და რადიკალურ ბანაკს ეს სათქმელი არ აქვს და ცდილობენ ყურადღების გადატანას სხვა საკითხებზე,"- განაცხადა თალაკვაძემ.

ჟურნალისტის დაზუსტებაზე, რომ მოწოდება არა ოპოზიციას, არამედ "ქართულ ოცნებას" ეხება, თალაკვაძე აცხადებს, რომ "ეს მისი (ჟურნალისტის) ხედვაა".

ცნობისათვის, ნატო- ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ხელისუფლებას მოუწოდა იმუშაოს ოპოზიციასთან.

„მე, ასევე, მოგიწოდებთ იმუშაოთ ოპოზიციასთან, რათა აღმოიფხვრას პოლიტიკური განსხვავება და შემცირდეს პოლარიზაციისკენ მიმართული რიტორიკა და ქმედებები“, - განაცხადა სტოლტენბერგმა ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს