საია-ს თავმჯდომარის განცხადებით, ჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლება თამაშდამოკიდებულების საკითხით მანიპულირებს და ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა სხვა რამეს, მათ შორის, მედიაზე გავლენის მოხდენას ემსახურება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, ჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლება თამაშდამოკიდებულების საკითხით მანიპულირებს და კანომდებლობაში ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა რეალურად სხვა რამეს, მათ შორის, მედიაზე გავლენის მოხდენას ემსახურება.

როგორც ნიკა სიმონიშვილმა აზარტული თამაშების შესახებ კანონმდებლობის გამკაცრების საკითხზე სოციალურ ქსელში დაწერა, პარლამენტის ინივიატივა ლუდომანიის პრობლემას არ აგვარებს და დამატებით პრობლემებს წარმოშობს.

„პარლამენტი განაგრძობს საკუთარი თავის უპატივცემულობას და თავზე ლაფის დასხმას. პარლამენტის წევრს ეკრძალება იმ კანონპროექტის დაინიცირება, რომლის ავტორიც მთავრობაა, თუმცა ამ აკრძალვას ხელი არ შეუშლია ზოგიერთი დეპუტატისთვის, ონლაინ კაზინოების რეგულირების კანონპროექტი დაეინიცირებინა.

ლუდომანია მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქვეყნისთვის, თუმცა ეს ინივიატივა არ აგვარებს ამ პრობლემას და სხვა დამატებით და ბევრად უარეს პრობლემებს წარმოშობს, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა კი ხელს უშლის პროცესის წარმართვას ჯანსაღი დისკუსიის ფარგლებში, რაც ეჭვებს ბადებს იმაზე, რომ ხელისუფლება მანიპულირებს თამაშდამოკიდებულების საკითხით და რეალურად სხვა რამეს ემსახურება ეს ყველაფერი, მათ შორის, გავლენის მოხდენას მედიაზე, რომელიც დიდი ხანია ხელისუფლებისთვის ყელში გაჩხერილ ძვლად გადაიქცა“, - წერს ნიკა სიმონიშვილი.

ცნობისთვის, პარლამენტი დაჩქარებული წესით საკანონმდებლო პაკეტს იხილავს, რომელიც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.

პროექტი აზარტული და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობისთვის ასაკობრივი ზღვარის გაზრდას - კერძოდ, 25 წლამდე ასაკის პირთა თამაშში მონაწილეობის აკრძალვას, ასევე, დამოკიდებულ პირთა სიისა და აკრძალულ პირთა სიის შექმნას ითვალისწინებს. ამასთან, განისაზღვრება აკრძალულ პირთა წრე - კერძოდ, საბიუჯეტო ორგანიზაციებში, მარეგულირებელ ორგანოებში, ეროვნულ ბანკში დასაქმებული პირებს და სოციალურად დაუცველ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრებს აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ. აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება - შემოდის ახალი სახის ჯარიმები, კანონით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა კი, იზრდება. ჯამში ცვლილება რვა კანონში შედის. პაკეტი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დეპუტატებმა წარადგინეს.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა