საკრებულოები უმრავლესობის ფორმირებისათვის კონკრეტული ვადით შეზღუდული არ იქნება

მუნიციპალიტეტების საკრებულოებში უმრავლესობის ფორმირებისათვის კონკრეტული ვადა კანონით განსაზღვრული არ იქნება. “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, საკრებულოებში უმრავლესობისა და ოპოზიციის ცნებები შემოდის. ამასთან, პროექტის მიხედვით, საკრებულოს უმრავლესობის რეგისტრაცია ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებიდან არაუგვიანეს 35-ე დღისა უნდა მოხდეს. აღსანიშნავია, რომ ეს ვადა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირების ვადის ანალოგიურია.

კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას, საკრებულოებთან მიმართებით 35-დღიანი ვადის პროექტიდან ამოღების საკითხი დადგა, რაც მომხსენებელმა - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა გაიზიარა.

“ხომ არ იქნებოდა მიზანშეწონილი, რომ საკრებულოები ასეთი ვადით არ შევზღუდოთ? უმრავლესობა მხოლოდ არჩევნებში გამარჯვებული პარტიის წევრთა სიას არ ნიშნავს. უმრავლესობას საკრებულოს რამდენიმე წევრი ქმნის - ეს შეიძლება იყოს არჩევნებში გამარჯვებული პარტიაც და მასთან ერთად, საკრებულოს სხვა რომელიმე წევრი. ამას მრავალპარტიულობის ფორმატის გათვალისწინებით შეიძლება რაღაც ვადები დასჭირდეს. ან რატომ არის 35 დღე და არა 5 ან 60 დღე? საკრებულოებს მივცეთ ვადა და შესაძლებლობა, უმრავლესობის სია ბიუროს როცა შეძლებენ, მაშინ წარუდგინონ“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საპროცედურო საკითხთა და წესების თავმჯდომარის მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკრებულოების უმრავლესობის რეგისტრაციისთვის ვადა კანონით არ განისაზღვროს, “ევროპელ სოციალისტმა“ დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ გაიზიარა.

როგორც ინჯიამ აღნიშნა, უმრავლესობის ფორმირება მაშინ უნდა მოხდეს, “როცა შეიკრიბებიან და საერთო ენას მონახავენ“. კოლეგების პასუხად სოზარ სუბარმა განმარტა, რომ საკრებულოებში უმრავლესობის ფორმირების ყველა დებულება, მათ შორის 35-დღიანი ვადაც პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული წესებისა და ვადების ანალოგიურია.

ამასთან, როგორც სუბარმა განაცხადა “35-დღიანი ვადა პრინციპული საკითხი არ არის“ და კანონპროექტიდან ვადის ამოღების წინადადება გაიზიარა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა