კარგად მესმის, რომ თავდაცვის ბიუჯეტი, შესაძლებელია, სრულად ვერ ასახავდეს იმ გამოწვევებს, რა გამოწვევების წინაშეც ქვეყანაა, თუმცა ამ მიმართულებით აქტიურად მიდის მუშაობა და დაფინანსების წყაროების მოძიება,- ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებას, რომ „მომდევნო წლის ბიუჯეტში თავდაცვის სამინისტროსთვის დამატებული თანხა ლოჯისტიკისა და თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისთვის საკმარისი არ იქნება“.
ამასთან, მინისტრის თქმით, თავდაცვის სამინისტროსა და ჯარზეც ვრცელდება ბიუჯეტის ის ნაწილი, რომ ხელფასების ზრდა გარკვეულ ფორმულაზე უნდა იყოს მიბმული.
„ჯერ კიდევ მიმდინარე წელს დაახლოებთ 90 მლნ ლარი დავამატეთ თავდაცვის მიმართულებით. მომდევნო წელსაც იზრდება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი. გარკვეულწილად ეს დაკავშირებულია ხელფასების ნაწილთანაც. თავდაცვის სამინისტროსა და ჯარზეც ვრცელდება, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ხელფასები გარკვეულ ფორმულაზე უნდა იყოს მიბმული, როგორ უნდა მოხდეს ხელფასების ზრდა ყოველწლიურად საჯარო სექტორში. შესაბამისად, ჯარშიც ანალოგიური ფორმულით გაიზრდება ხელფასები“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
რაც შეეხება ზოგადად, საჯარო უწყებებში ხელფასების გაზრდის საკითხს, მინისტრის თქმით, ბიუჯეტში მაქსიმალურადაა წარმოდგენილი პრიორიტეტები, რაც ქვეყანას აქვს.
„როდესაც ხელფასების ზრდაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, დაახლოებით 70-80% არის ჯარის, პოლიციის, მასწავლებლების და სასწრაფო სამედიცინო პერსონალის ხელფასები. ამ ყველა მიმართულებით დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩამორჩენა, რაც ხელფასებთან მიმართებით გვქონდა, სრულად ყოფილიყო ასახული. შესაბამისად, ბიუჯეტში მაქსიმალურადაა წარმოდგენილი პრიორიტეტები, რაც ქვეყანას აქვს, ეს არის ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურის და უსაფრთხოების მიმართულება“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.