მამუკა მდინარაძე ირაკლი კობახიძის და ოპოზიციის შეხვედრაზე - ეს არ ყოფილა ფორმალური ან ოფიციალური შეხვედრა - ერთადერთი თემა იყო საკონსტიტუციო ცვლილებები

ეს არ ყოფილა ფორმალური ან ოფიციალური შეხვედრა - ბადრი ჯაფარიძემ მითხრა, ხვალ ხომ არ შევხვდეთო, შევხვდით დღეს და ამხელა ამბის მოსაწყობი ნამდვილად არ იყო, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძისა და საპარლამენტო ოპოზიციის წევრების შეხვედრის კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრისას მთავარი განსახილველი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები იყო, სადაც მოხდა აზრების ერთმანეთში გაცვლა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საუბარი არ ყოფილა არჩევნებზე და ამ შეხვედრასთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟის მოწყობა, არასწორია.

„არანაირი არჩევნები და არანაირი სხვა თემები. რეალურად, ერთადერთი თემა ეს იყო საკონსტიტუციო ცვლილებები, რა მიგვაჩნია სწორად, რა არასწორად. შეთანხმების პირობებზე ვლაპარაკობდით, მათ შორის გავიხსენეთ ძველი შეთანხმებებიც, რა არ გააკეთეს. ასეთი აჟიოტაჟის საფუძველი შეხვედრა ნამდვილად არ ყოფილა, ვერ გაგახარებთ. ბადრი ჯაფარიძემ მითხრა, ხვალ ხომ არ შევხვდეთო, შევხვდით დღეს და ამხელა ამბის მოსაწყობი ნამდვილად არ იყო. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით იყო მსჯელობა და ერთადერთი თემა დღევანდელი შეხვედრის ეს იყო, სხვა არცერთი თემა, გარდა საკონსტიტუციო ცვლილებებისა. არგუმენტები, ბუნებრივია, იყო იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც პირველი მოსმენით უკვე გასულია. საწინააღმდეგო არგუმენტებიც იყო მოტანილი, არა ერთი მხრიდან, ორივე მხრიდან არგუმენტები, პლიუსები და მინუსები იქნა დაყენებული. სხვა რაიმე დეტალზე საუბარი არ შემიძლია, რადგან თითოეული დეტალის დაკონკრეტება გამოიწვევს აჟიოტაჟს, თითქოს რაღაცა ხდება.

არა თუ რაიმე შეთანხმებაზე და მის კონტურებზე შეიძლება იყოს დღეს საუბარი, არამედ შემდეგი შეხვედრის თარიღიც კი არ გვითქვამს. ეს არ ყოფილა ფორმალური ან ოფიციალური შეხვედრა. უბრალოდ გუშინ დავილაპარაკეთ, რომ ერთმანეთის აზრები და არგუმენტები გავიგოთ საკონსტიტუციო ცვლილებების სხვადასხვა დეტალებთან მიმართებაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისათვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციას შეხვდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო