მსურს გამოვეხმაურო გერმანიის სასამართლოს მიერ საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის რუსეთის მოქალაქის, ვლადიმ კრასიკოვისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯას - დღევანდელი ამბავი გარდა იმისა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი ახალი ამბავია, არის მნიშვნელოვანი იმით, რომ გარდა ფედერალური პროკურატურისა, გერმანიის სასამართლომ პირდაპირ ხელი დაადო რუსეთის სახელმწიფოს. სასამართლომ თქვა, რომ ეს პოლიტიკური მკვლელობა განხორციელდა რუსეთის სახელმწიფოს დავალებით, ეს არის გერმანიის სასამართლოს განაჩენი და ამ ყველაფრის, იმ ყველაფრის ფონზე, რომ ამ მკვლელობამ უკვე დიდი გავლენა იქონია რუსეთსა და გერმანიის ურთიერთობაზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ზელიმხან ხანგოშვილი საქართველოს დამსახურებული მოქალაქე იყო, რომელსაც, კანდელაკის განცხადებითვე, წვლილი მიუძღვის ისლამური ექსტრემიზმის და რუსული აგენტურის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„მსურს გამოვეხმაურო გერმანიის სასამართლოს მიერ საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის რუსეთის მოქალაქის, ვლადიმ კრასიკოვისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯას. მოგეხსენებათ, რომ ზელიმხან ხანგოშვილი იყო საქართველოს დამსახურებული მოქალაქე, რომელსაც მიუძღვის წვლილი, როგორც ისლამური ექსტრემიზმის, ისე რუსული აგენტურის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელზეც 2015 წელს თბილისის ცენტრში განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა. მისი მიმართულებით ისროლეს 8 ტყვია და საქართველოს მთავრობამ დემონსტრაციულად არ გამოიძია შეიარაღებული თავდასხმა, უარი უთხრა ზელიმხან ხანგოშვილს დაცვაზე, რის გამოც იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია. დღევანდელი ამბავი გარდა იმისა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი ახალი ამბავია, არის მნიშვნელოვანი იმით, რომ გარდა ფედერალური პროკურატურისა, გერმანიის სასამართლომ პირდაპირ ხელი დაადო რუსეთის სახელმწიფოს. სასამართლომ თქვა, რომ ეს პოლიტიკური მკვლელობა განხორციელდა რუსეთის სახელმწიფოს დავალებით. ეს არის გერმანიის სასამართლოს განაჩენი და ამ ყველაფრის, იმ ყველაფრის ფონზე, რომ ამ მკვლელობამ უკვე დიდი გავლენა იქონია რუსეთსა და გერმანიის ურთიერთობაზე. ამ სასამართლო განაჩენმა შეუძლებელია, რომ ასახვა არ ჰპოვოს რუსეთ-გერმანიის ურთიერთობებზე, თითქმის 2 წლის მანძილზე ჩვენ მომსწრენი ვართ გამაყრუებელი, დანაშაულებრივი დუმილისა საქართველოს მხრიდან. მთელი ამ ხნის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებამ არათუ არაფერი არ თქვა საკუთარი მოქალაქის მკვლელობაზე, რომელსაც აქვს დამსახურება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაში, არამედ მეტიც, დემონსტრაციულად არ გამოიძია ზელიმხან ხანგოშვილზე თბილისის ცენტრში შეიარაღებული თავდასხმა და მას უარი უთხრა დაცვაზე”, - განაცხადა კანდელაკმა.