დავით ზილფიმიანი - თუ  „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი ვადით მაინც იტყვის: „არჩევნებზე მორატორიუმს ვაცხადებ“, ეს ძალიან გააუმჯობესებს სიტუაციას

თუ ერთი ვადით მაინც იტყვის „ნაციონალური მოძრაობა“, რომ „არჩევნებზე მორატორიუმს ვაცხადებ“ ეს ძალიან გააუმჯობესებს სიტუაციას - ჩემი შეხედულებით ქვეყანაში არსებული პოლარიზაცია უფრო მეტად „ნაციონალური მოძრაობის“ მიზეზით არის გამოწვეული და თუ ასეთი პოლარიზაცია გაგრძელდა „ნაცმოძრაობა“ გახდება გარანტორი „ქართული ოცნების“ მეოთხე ვადით არჩევისა , - ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზილფიმიანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

ზილფიმიანმა ე.წ. შერიგების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაფერს არ აპატიებს, რადგან ამით ამომრჩეველს დაკარგავს.

„მე ვთქვი, რომ თუ ერთი ვადით მაინც იტყვის „ნაციონალური მოძრაობა“ , რომ „მე არჩევნებზე მორატორიუმს ვაცხადებ“ ეს ძალიან გააუმჯობესებს სიტუაციას. ეს უტოპიური დღეს გვეჩვენება, მაგრამ შეიძლება სულაც არ იყოს ასეთი, რადგან მორატორიუმის შემთხვევაში „ნაცმოძრაობის“ ელექტორატს არაფერი ემუქრება. ელექტორატი იმ პარტიებზე გადანაწილდება, რომელებიც უფრო მისაღები იქნება მათთვის. „ნაცმოძრაობის“ აზრებთან ახლოს მდგომი პარტიები კი დღეს არსებობს. ამასთან, არ არსებობს სრულიად ოპოზიციური სპექტრი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე სახით შევა კოალიციაში. კოალიცია იმიტომ არ გვაქვს ქვეყანაში, რომ ჩვენს პოლიტიკურ ველზე ვერა და ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკური ძალა, რომელიც არ იქნება არც „ნაცმოძრაობა“ და არც „ოცნება“. ასეთი პოლარიზაცია თუ გაგრძელდა, „ნაცმოძრაობა“ გახდება გარანტორი „ქართული ოცნების“ მეოთხე ვადით არჩევისა.

საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ ვართ უნიკალური ქვეყანა, რომელიც თავის ხელმძღვანელობას ირჩევს არა უკეთესობის მიხედვით, არამედ ვინ უფრო ნაკლებად უარესია, ანუ ვის უფრო მეტი და ვის უფრო ნაკლები ცუდი აქვს ჩადენილი. ეს არის კატასტროფა და სწორედ ეს მოიტანა პოლარიზაციამ. ჩემი პირადი შეხედულებით ქვეყანაში არსებული პოლარიზაცია უფრო მეტად „ნაციონალური მოძრაობის“ მიზეზით არის გამოწვეული. „ოცნება“ ვერ იტყვის „გპატიობთ ყველაფერს“, რადგან „ოცნების“ ამომრჩევლის ძირითადი მასა არის განაწყენებული „ნაციონალურ მოძრაობაზე“, ანუ ასეთ შემთხვევაში „ოცნება“ უარს განაცხადებს თავის ელექტორატზე, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია“, - განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

დავით ზილფიმიანი საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მონაწილეობის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყნის სამიტში მონაწილეობა უკვე პოზიტიური ფაქტორია, თუმცა გარღვევას არ ელის.

„ჩემი პოზიციით, თვითონ სამიტში მონაწილეობის მიღება უკვე პოზიტივია, მაგრამ რაიმე ძალიან ღრმა გარღვევას მე არ ველოდები. იმედი მაქვს, რომ იმაზე უკეთესი და გაუმჯობესებული ფრაზეოლოგია იქნება, ვიდრე აქამდე ყოფილა. ანუ, ერთგვარი პოზიტიური შეფასება და პოზიტიური მოლოდინების გაჩენა იქნება, მაგრამ ეს არ იქნება გარღვევა და რევოლუციური წინსვლა“, - განაცხადა ზილფიმიანმა. დავით ზილფიმიანმა ისაუბრა ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის ერთადერთი მიზეზი და ქვაკუთხედი ხელისუფლებაა.

„იენს სტოლტენბერგმა ამ განცხადებით უნდა მიმართოს მთავრობის ხელმძღვანელ პირებს, რადგან პასუხისმგებლობა ყოველთვის მთავრობას ეკისრება და ეს მიმართვა პირველ რიგში იქნება მთავრობისკენ, მაგრამ ჩვენ ვიცით და ისიც ინფორმირებულია, რომ აქ ის შემთხვევა არ არის, თითქოს ხელისუფლება არის ერთადერთი მიზეზი და ქვაკუთხედი ამ პოლარიზაციის, ჩვენ ვიცით ამის წარსული და ფესვები რატომ არის ეს პოლარიზაცია. ამაში რა თქმა უნდა არანაკლებ არის დამნაშავე, პირიქით დასაწყისში ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გაწეული პოლიტიკით მოვიდა. ეს პოლარიზაცია გაგრძელებაა იმ დაგროვილი რისხვისა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების ყოფნისას გააჩინა ქვეყანაში, ეს ხომ არ არის ახლა მოსული პოლარიზაცია. ეს პოლარიზაცია ჩამოყალიბდა "ნაციონალური მოძრაობისადმი" ხალხის განრისხებისა ჯერ კიდევ 2012 წლამდე, ანუ ეს გამოყოლილი ფაქტია“, - განაცხადა ზილფიმიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო