დავით ზალკალიანი - კონკრეტული ხელშესახები შედეგი გვექნება დღევანდელ სამიტზე

ის მოლოდინები, რაც ჩვენ გვქონდა სამიტის დეკლარაციაში, საბოლოო დეკლარაციაში არის თავმოყრილი - ჩვენ გვექნება კონკრეტული ხელშესახები შედეგი , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ქართულმა მხარემ სერიოზული საქმიანობა გაწია იმისთვის, რომ საბოლოო დეკლარაციაში მოხვედრილიყო ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დეფინიციები, კერძოდ, ევროპულ არჩევანთან და ევროპულ მისწრაფებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ძალიან სერიოზული საქმიანობა გავწიეთ იმისთვის, რომ საბოლოო დეკლარაციაში მოხვედრილიყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი დეფინიციები, კერძოდ, ევროპულ არჩევანთან და ევროპულ მისწრაფებასთან დაკავშირებით, რაც ევროკავშირის წევრობის 59-ე მუხლთან არის კონტექსტში. ამის კიდევ ერთხელ დადასტურება მნიშვნელოვანია. კარგია, რომ ევროპული მისწრაფება იქნება ასახული საბოლოო დეკლარაციაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დეკლარაციაში პირველად იქნება ტრიოს ფორმატის მიღება. ტრიოს ფორმატზე საუბარი მიანიშნებს იმას, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები აღიარებენ ამ ფორმატს, როგორც უკვე შემდგარ თანამშრომლობის ჩარჩოებს. ეს ხსნის ასევე ტრიოს ფორმატის სახით მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს და პრინციპი, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს ამ დეკლარაციას, რომ შენარჩუნებული უნდა იყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ყოვლისმომცველობა, მაგრამ დიფერენციაციის პრინციპის გათვალისწინებით. ანუ ქვეყნები, რომლებიც ამჟღავნებენ მეტ პროგრესს, უფრო მკაფიო შედეგები აქვთ ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, ისინი იმსახურებენ შემხვედრ ნაბიჯებს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დეკლარაციაში მხარდაჭერილია საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და ევროკავშირის მეტი ჩართულობა კონფლიქტის მოწესრიგების კუთხით.

„ძალიან კარგია ასევე, რომ მხარდაჭერილია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და ევროკავშირის მეტი ჩართულობა კონფლიქტის მოწესრიგების კუთხით. ძალიან კარგია დაკავშირებადობა და ეკონომიკური განზომილება, რომელიც შემოვიდა ამ დეკლარაციაში. ბევრი კონკრეტული მიმართულება იქნება, რომელზეც ჩვენ ვიმუშავებთ. მათ შორის, ჩვენ ვიმუშავებთ შავი ზღვის, როგორც ევროკავშირთან დამაკავშირებელი გეოგრაფიული არეალის და შავი ზღვის არეალის და შავი ზღვის საშუალებით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით, რაც ევროკავშირთან დაკავშირებადობას გააძლიერებს.

ბევრი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება, რომელიც ხელშესახებ შედეგებს მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ გავაგრძელებთ მაგალითად როუმინგის სისტემაში ჩართვის მიმართულებით მუშაობას, რათა ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ იგივე შესაძლებლობები, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ. ასევე განათლების მიმართულებით - ჩნდება შესაძლებლობები, რომ ჩვენმა მეცნიერებმა და სტუდენტებმა ისარგებლონ იმ კრიტერიუმებით, რა კრიტერიუმებითაც სარგებლობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ეს არის სწორედ ის, რასაც ჩვენ მიზნად ვისახავდით - ფაქტობრიავად მაქსიმალურად მოვიცვათ ევროკავშირის პროგრამები და სააგენტოები და უკვე იქ, სადაც შესაძლებელია, ქვეყანას ჰქონდეს საშუალება, განვითარდეს და განავითაროს კონკრეტული მიმართულებები, ისე, როგორც ამით სარგებლობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ის მოლოდინები, რაც ჩვენ გვქონდა სამიტის დეკლარაციაში, საბოლოო დეკლარაციაში არის თავმოყრილი და ჩვენ გვექნება კონკრეტული ხელშესახები შედეგი დღევანდელ სამიტზე", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო