პაატა მანჯგალაძე - ვადამდელი არჩევნების საკითხი არ უნდა უკავშირდებოდეს საკონსტიტუციო ცვლილებებს, კობახიძე რომ უკავშირებს, ამიტომ უნდა ვაჩვენოთ ძალა - ვიდრე „ოცნებას“ ჰგონია, რომ თეთრ რაშზე ზის, თანხმობაზე არცერთ ნაბიჯს არ გადადგამს

პრეზიდენტთან ყოველთვის უნდა მივიდეთ, დავიწყოთ პროცესი - ჩვენ მივდივართ, რადგან სხვა არჩევანი საქართველოს არ აქვს. მოგვწონს თუ არა, მაინც მოგვიწევს ერთმანეთთან ლაპარაკი , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ხვალ, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიტიკურ პარტიებთან დაგეგმილ მიღებას.

მან ასევე ისაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე და განაცხადა, რომ ცვლილებების მიღება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი ერთმანეთთან კავშირში არ არის.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, ეროვნულ თანხმობასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა კარგი პროცესი წამოიწყო და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ხვალ, ოპოზიციურ სპექტრსა და სალომე ზურაბიშვილს შორის დაანონსებულ შეხვედრაზე მისვლას აპირებს.

„ვადამდელი არჩევნების საკითხი საერთოდ არ უნდა უკავშირდებოდეს საკონსტიტუციო ცვლილებებს. კობახიძე, რომ უკავშირებს, ამიტომ უნდა ვაჩვენოთ ძალა, უკან წაიღოს ეს ყველაფერი, თუ არა, კობახიძე ათას მიზეზს იპოვის. მერე იტყვის, „ნაცები“ არ დადიან პარლამენტში, ამის ბრალიაო. ძალა უნდა აჩვენო, ყველა კონსტიტუციური მექანიზმი და მეთოდი უნდა გამოიყენო, რაც არსებობს. თუ ამის საშუალება არ გაქვს, ბუნებრივია, კიდევ იქნებიან დიდი ხანი „ქართულ ოცნებაში“, - ეს არის რეალობა.

კარგი პროცესი ახსენა პრეზიდენტმა ეროვნულ თანხმობაზე. რაც ვილაპარაკე „ქართულ ოცნებაზე“ ეროვნულ თანხმობასთან დაკავშირებით და კონსტრუქციულობაზე, ეს ამ ეტაპზე არის „ოცნებისთვის“ უახლოეს ორ წელიწადში, „მგლის თავზე სახარების კითხვა.“ ესენი ამ საკითხს არ განიხილავენ. შემდეგ თუ ჩატარდება კვლევები და ნახეს, რომ ცუდად აქვთ საქმე, აშკარად აგებენ არჩევნებს, მერე, 2023 წელს „კარგი ბიჭები“ გახდებიან. ვიდრე „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ თეთრ რაშზე ზის, ამ საკითხს არ განიხილავს. ეროვნული თანხმობის საკითხზე არცერთ ნაბიჯს არ გადადგამს.

პრეზიდენტთან ყოველთვის უნდა მივიდეთ, დავიწყოთ პროცესი, მაგრამ ისე მყისიერად და უცებ, ჩვენ, რომ გვინდა ყველაფერი შეიცვალოს, ეს ასე მალე არ მოხდება. ჩვენ მივდივართ, რადგან სხვა არჩევანი საქართველოს არ აქვს. მოგვწონს თუ არა, მაინც მოგვიწევს ერთმანეთთან ლაპარაკი, იმიტომ, რომ ქვეყანას და ხალხს სჭირდება. ერთად უფრო მეტი გამოგვივა, ვიდრე ცალ-ცალკე. 30 წელია ერთამენთს უფრო მეტ ზიანს ვაყენებთ, ვიდრე მოწინააღმდეგეს და მტერს“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს