მამუკა ხაზარაძე - ვერ გაგვტეხეს, ვერ შეგვაშინეს და ვერც სასამართლოს გადაწყვეტილებით შეგვაშინებენ - ბრძოლა გაგრძელდება

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ნაცნობს, მეგობარს და განსაკუთრებით უცნობ ადამიანებს, რომლებიც ამ სამი წლის განმავლობაში გვიცხადებდნენ ნდობას, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, მისი, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე დღეს გასამართ ბოლო სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, „ამ ქვეყანაში წარმატებას ებრძვიან“.

„დღესაც ვხედავთ, რამდენი ჩემთვის უცნობი ადამიანი მოვიდა იმისათვის, რომ თავისი პროტესტი გამოხატოს. ეს პროტესტი არის იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ იმ უიმედობის დანერგვა, რომელსაც ხელისუფლება ყველა სფეროში ახორციელებს. ეს არ არის პროცესი იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა, რადგან ამის გარკვევა პირველი კურსის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტსაც შეუძლია, რადგან არანაირი სირთულე და 3-წლიანი გამოკვლევა ამას არ სჭირდებოდა. დღეს არ დავიწყებ ამის ახსნას, რადგან ყველამ კარგად იცის, არანაირი დარღვევა, არათუ ფულის გათეთრება, ამ საქმეში არ ყოფილა. აქ სხვა რამესთან გვაქვს საქმე - რატომ გაიწელა ეს ყველაფერი 3 წლის განმავლობაში? გაიწელა იმიტომ, რომ აქ, ამ ქვეყანაში ებრძვიან წარმატებას, იმას, რომ ქართველებს არ შეუძლიათ წარმატებული საქმის კეთება და თუ გამოუვიდათ ეს საქმე, იქ აუცილებლად უნდა იყოს დანაშაული, დარღვევა ან ვიღაცის დახმარება. ამით კლავენ ახალგაზრდებში იმ იმედს, რომელიც ასე საჭიროა იმისათვის, რომ ჩვენ წინ წავიდეთ. ეს პროცესი არ არის იმაზე, თუ რა განაჩენს გამოიტანს მოსამართლე. ჩემთვის ეს პროცესი არის კიდევ ერთი ტესტი. მათ სურთ, რომ წარმატებას ებრძოლონ და ყველას აჩვენონ, რომ ეს არის ჭაობი და შენც ამ ჭაობის ნაწილი უნდა იყო.

ეს სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა, რომლებიც ამას უყურებენ, არ დაკარგონ იმედი, რომ ამ ქვეყანაში შრომით, მიზანდასახულობით და რაც მთავარია გამჭვირვალედ შეიძლება მიაღწიო წარმატებას“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მან აღნიშნულ სასამართლო პროცესს სპექტაკლი უწოდა.

„მათ ვერ მიაღწიეს მთავარ მიზანს, რომ მოეხდინათ ჩვენი დისკრედიტაცია ან ეპოვნათ რაიმე დანაშაული. სწორედ ამიტომაა, რომ ეს სპექტაკლი 3 წელია გრძელდება. რაც არ უნდა იქნას მიღებული, არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ ვერ გაგვტეხეს, ვერ შეგვაშინეს და ვერც გადაწყვეტილებით შეგვაშინებენ. ბრძოლა გაგრძელდება, ამ ქვეყანას აქვს კარგი მომავალი, არაჩვეულებრივი ახალგაზრდები და ამ ფაქტორს მე სპეციალურად ვუსვამ ხაზს და თუ ვინმეს შეუძლია ეს ქვეყანა ფეხზე დააყენოს, ეს ახალგაზრდები არიან“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს