კამპანიაში #ავიცრათერთმანეთისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აქტიურად ჩაერთო

ვაქცინაციის გააქტიურების მიზნით, კამპანიაში- #ავიცრათერთმანეთისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აქტიურად ჩაერთო.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მძიმე ეპიდვითარებაზე საუბრობს.

„საქართველო და მთელი მსოფლიო რთული გამოწვევის წინაშე დგას. ჩვენ ვებრძვით ვერაგ და მძიმე სენს, რომელიც ყოველდღიურად გვაკარგვინებს ათეულობით ოჯახის წევრს, ახლობელს, ნაცნობს და მეგობარს. განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის შედეგად საზოგადოებრივი იმუნიტეტი ჩამოყალიბდა, ვირუსის გავრცელების ჯაჭვი გაწყვეტილია და გარდაცვალების რაოდენობა მინიმალურია.

პირადად მე და ჩემი ოჯახის წევრები ვაქცინირებულები ვართ ორი დოზით და ვაპირებთ „ბუსტერდოზის“ დამატებას. მინდა აღვნიშნო, რომ აფხაზეთის მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლების 85% სრულად არის ვაქცინირებული",- აღნიშნავს აბაშიძე.

როგორც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე აღნიშნავს, აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებულ ვაქცინებზე ხელი არ მიუწვდებათ.

რუსლან აბაშიძე საზოგადოებას მოუწოდებს, გამოიჩინონ სოციალური პასუხისმგებლობა, ჩაერთონ ვაქცინაციის კამპანიაში და გადაარჩინონ როგორც საკუთარი, ისე სხვა ადამიანების სიცოცხლე.

„ძალიან მძიმე მდგომარეობაა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც ფაქტობრივად ვერ კონტროლდება კოვიდვითარება საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით.

პანდემიით გამოწვეულ ვითარებას კიდევ უფრო მეტად ართულებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის დაწესებული შეზღუდვები თავისუფლად გადაადგილებაზე. სამწუხაროდ, მათი არჩევანი შეზღუდულია და არ აქვთ წვდომა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებულ ვაქცინებზე.

ვაქცინაცია ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა პანდემიის დასამარცხებლად. მნიშვნელოვანია ჩვენი დევნილი საზოგადოების როლი კოვიდთან ბრძოლაში. თითოეულ ჩვენგანს გვეძლევა საშუალება, დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობა, გადავარჩინოთ არა მარტო საკუთარი, არამედ- სხვების სიცოცხლე.

აფხაზეთის მთავრობა აქტიურად ერთვება ვაქცინაციის კამპანიაში - #ავიცრათერთმანეთისთვის. იმედს გამოვთქვამ, რომ ამ გზავნილით ჩვენ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ სოციალურ პასუხისმგებლობას და ერთიანი ძალით შევძლებთ, დავარწმუნოთ მოქალაქეები ვაქცინაციის აუცილებლობასა და საჭიროებაში",- აცხადებს რუსლან აბაშიძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა