მამუკა ხაზარაძე „ფულის გათეთრების“ საქმეზე - ეს საქმე არ არის მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის, ეს არის გეოპოლიტიკური საქმე

ეს საქმე არ არის მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის, ეს არის გეოპოლიტიკური საქმე. ეს საქმე დაიწყო მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ქვეყანაში გაჩერებულიყო ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პროექტი, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ე.წ. ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ანაკლიის პროექტი ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ გააჩერა.

„ეს პროექტი ბიძინა ივანიშვილმა და მისმა სამარცხვინო „ოცნებამ“ გააჩერა, მაგრამ გპირდებით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, პირდაპირ გეუბნებით, ჩემს შინაგან რწმენას, სიმართლეს, შინაგან სამყაროს ვერაფერი დააკლდება იმიტომ, რომ ვიცი რისთვის ვიბრძვი ჩემს მეგობრებთან ერთად“, -განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, „ამ საქმეს ქვეყნის ეროვნული ინტერესები შეეწირა, რომ ეს ყველაფერი ვიღაცას დაბრალებოდა“.

„სახელმწიფო ამბობდა, ჩვენ ვემზადებით, ტენდერს ჩავატარებთ, ანაკლიას დავიწყებთ და ა.შ. 2 წელი გავიდა, არანაირი მოძრაობა, არანაირი ჩამი-ჩუმიც კი არ არის ამ პროექტის მიმართ. მე არც ბიზნესინტერესებისთვის ვიბრძვი, მე ვიბრძვი ჩემი პარტნიორებისთვის, რომლებმაც 80 მლნ ჩადეს ამ ქვეყანაში, ე.წ. საოკუპაციო ხაზიდან 4 კმ-ში. მინდა საზოგადოებას ავუხსნა, რას ნიშნავს ანაკლია - ანაკლია ნიშნავს ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკაში და ჩვენს სამეზობლოში ძალიან სერიოზული მოთამაშის გაჩენას, ანაკლია ნიშნავს 10 ათასობით სამუშაო ადგილს, არამარტო სამეგრელოში, არამედ მთელ საქართველოში. ანაკლია ნიშნავს ისეთი სატრანსპორტო კვანძის ჩამოყალიბებას, რომელიც საქართველოს არ ჰქონია 130 წლის მერე, ფოთის პორტი იყო თავის დროზე. ანაკლია ნიშნავს დიალოგს და ახალ ფურცელს ჩვენს აფხაზ ძმებთან“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, ხაზარაძემ აღნიშნა, რომ უამრავი მოქალაქე ანაბრების დაკარგვას გადაარჩინეს.

„ასი ათასობით ჩვენი მოქალაქე გადავარჩინეთ ანაბრების დაკარგვას ჩვენს ხარჯზე და არავისთვის დაგვიმადლებია ეს, რეკლამაც კი არ გაგვიკეთებია. 2 ათასი ადამიანი „თიბისი“ ბანკიდან არ გამითავისუფლებია იმის გამო, რომ ჩემი ბიზნესი შემენარჩუნებინა. დღეს ეს ჩვენ შემოგვიტრიალეს და გვეუბნებიან, რომ თითქოს რაღაც გავაკეთეთ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი რეპლიკების ეტაპზე გადაიდო. ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო