სალომე სამადაშვილი თურნავას - უნდა მიდიოდეს მინისტრი, რომელსაც სრული კრახი აქვს - ჩვენი მონაცემების მქონე ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი, მხოლოდ განცხადებას კი არ უნდა წერდეს, თავზე ნაცარსაც უნდა იყრიდეს

თქვენმა კოლეგამ, ჯანდაცვის მინისტრმა სწორი ნაბიჯი გადადგა, როცა თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განცხადება დაწერა - ცხადია, უნდა მიდიოდეს მინისტრი, რომელსაც სრული კრახი აქვს და მოგიწოდებთ, განიხილოთ განცხადების დაწერა, რაც შეიძლება მალე! - ამ სიტყვებით პარლამენტში “მინისტრის საათზე“ მყოფ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა მიმართა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ეკონომიკა ციფრებით იზომება და იმ მონაცემების მქონე ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი, რაც საქართველოს გააჩნია, “მხოლოდ განცხადებას კი არ უნდა წერდეს, თავზე ნაცარსაც უნდა იყრიდეს“.

სამადაშვილმა განაცხადა ისიც, რომ გამაოგნებელია, უმრავლესობის პათოსი, რომ ვინმემ მინისტრს მადლობა უნდა გადაუხადოს.

“თუ აქვს მინისტრს დათვლილი, რა უჯდება ქვეყანას, რომ დღემდე არ გვაქვს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ამ თემაზე გასული ცხრა წლის მანძილზე ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთან მხოლოდ სამი კონსულტაცია რატომ გაიმართა? როგორ ხდება, რომ წლებია ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს და ჩვენი ექსპორტი ევროკავშირში იკლებს. მაგალითად, 2015 წელს ევროკავშირში ექსპორტის წილი 28% იყო და დღეს არის - 16%. ასევე მაინტერესებს, როგორ ხდება, რომ ქვეყანაში სიღარიბე არნახულად დაძლიეთ, ოღონდ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ნახევარი მილიონი მოქალაქით გაიზარდა. რატომ გაორმაგდა გასული წლების მანძილზე ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან და როგორ ხდება, რომ ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა იზრდება, ოღოდ რუსეთზე უფრო დამოკიდებული ვხდებით?!“, - მიმართა ნათია თურნავას სალომე სამადაშვილმა.

მინისტრის პასუხამდე ოპოზიციონერ დეპუტატს მისივე კოლეგა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია მენაღარიშვილი გამოეხმაურა. მან სამადაშვილს მიმართა, რომ არ იცის კონტექსტი, თუ რას ნიშნავს თავზე ნაცრის წაყრა.

“ამით ნათია თურნავას არ ვეფერები - ღმერთმა დამიფაროს, მას ჩემი მოსაფერებელი არაფერი აქვს. არ მგონია, რომ ასე შეიძლება მინისტრს მიმართო, რომ ის უნდა წავიდეს. წავა ყველა ბატონებო, მაგრამ თქვენ უნდა მოხვიდეთ?! ამის თქმა გინდათ?! ალბათ ცოტა მეტი დაფიქრებაა საჭირო“, - განაცხადა მაია მენაღარიშვილმა სალომე სამადაშვილის მისამართით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო