ნათია თურნავა - 2022 წლიდან ექსპორტიორ კომპანიებს დავეხმარებით სერტიფიცირების, ბრენდინგის, პროდუქციის შეფუთვის და საერთაშორისო ქსელში შესვლის ხარჯების გრანტის სახით თანადაფინანსებაში

2022 წლიდან ექსპორტიორ კომპანიებს დავეხმარებით სერტიფიცირების, ბრენდინგის, პროდუქციის შეფუთვის და საერთაშორისო ქსელში შესვლის ხარჯების გრანტის სახით თანადაფინანსებაში, - აღნიშნული განცხადება პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა.

თურნავამ დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი ამოცანაა ქართული ექსპორტის შემდგომი განვითარება და მთელ რიგ დარგებში იმპორტდამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირება.

“ამ ამოცანის გადაჭრაში ეფექტურ როლს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამები ასრულებენ. ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში ასეთი პროგრამაა - “აწარმოე საქართველოში", რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა პანდემიის დროს დაზარალებული მცირე და საშუალო ბიზნესის გადარჩენაში, ხოლო ამჟამად სრულად გადაეწყო ბიზნესის განვითარების სტიმულირების ამოცანაზე. 2021 წელს ამოქმედდა ახალი მხარდაჭერის პროგრამები, რომელთა მიზანი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის გზით სამუშაო ადგილების შექმნა და საექსპორტო პოტენციალის გაფართოებაა", - განაცხადა ნათია თურნავამ პარლამენტში, „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, 2021 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა პროგრამა „ბიზნეს ექსპორტი" და „ბიზნეს უნივერსალი" - „ბიზნეს ექსპორტის" პროგრამის მონაწილეები სესხის პროცენტისა და საკრედიტო საგარანტიო სქემის სარგებლობასთან ერთად, მიიღებენ გრანტს - დამტკიცებული სესხის 15%-ის მოცულობით, ხოლო „ბიზნეს უნივერსალის" ფარგლებში მცირე ბიზნესს საშუალება აქვს ერთდროულად ისარგებლოს სესხის პროცენტის სუბსიდირებით და საკრედიტო-საგარანტიო სქემით. საექსპორტო და იმპორტჩამნაცვლებელ წარმოებებთან ერთად, ასეთივე მხარდაჭერით ისარგებლებენ აგროტურისტული და ეკოტურისტული ბიზნეს-პროექტები.

მისივე თქმით, 2021 წელს განხორციელდა მიკრო გრანტების პროგრამა და 14,3 მლნ ლარით დაფინანსდა 689 მიკროპროექტი. პროექტების ფარგლებში პირდაპირ დასაქმდა 2500 ადამიანი.

2021 წელს (დეკემბრის თვის არასრული მონაცემებით) ბიზნესის მხარდაჭერის სესხის სუბსიდირების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდა 327 პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 520 მილიონ ლარამდე ჯამური, კერძო ინვესტიციის მოზიდვას და 5200-მდე სამუშაო ადგილის შექმნას. „აწარმოე საქართველოში" პროგრამის საკრედიტო - საგარანტიო სქემით ისარგებლა 184-მა ბენეფიციარმა და შედეგად შეიქმნა 2 520-მდე სამუშაო ადგილი.

„წელს იპოთეკური სესხების სუბსიდირების ახალი პროგრამა ამოქმედდა, რომლითაც 900-მდე ოჯახმა ისარგებლა და ეს სტატისტიკა ყოველდღე იზრდება. ესენი არიან ძირითადად მრავალშვილიანი ოჯახები ან ოჯახები, ვისაც ახალშობილი ეყოლათ. შედეგად თითოეულმა მათგანმა შეძლო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და ბინების შეძენა ჩვენი პროგრამის დახმარებით. ეს პროგრამა ასევე დიდი დახმარებაა სამშენებლო სექტორისთვის, დეველოპმენტისთვის, რომელიც ასევე ძალიან მტკივნეულად განიცდის ფინანსურ კრიზისებს, რადგან პირველი დარტყმა მოდის ხოლმე როგორც ტურიზმზე, ასევე მშენებლობაზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება იყო", - აღნიშნა მინისტრმა.

რაც შეეხება 2022 წლის გეგმებს, მინისტრის განცხადებით, გაგრძელდება ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების გაფართოება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს