ლევან ბოძაშვილი - პოლარიზება უნდა შემცირდეს, მოსახლეობაში რადიკალური მოქმედებების მოთხოვნა არ არსებობს - ერთადერთი გამოსავალია პოლიტიკოსებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყონ

პოლიტიკური პოლარიზება უნდა შემცირდეს, მოსახლეობაში რადიკალური მოქმედებების მოთხოვნა არ არსებობს - ერთადერთი გამოსავალი გახლავთ, სწორედ ის, რომ პოლიტიკოსებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყონ, - ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ ლევან ბოძაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისთვის გაუგებარია რას ნიშნავს პოლიტიკური შერიგება.

როგორც ბოძაშვილი განმარტავს, იმისთვის, რომ ინსტიტუციის ფარგლებში პოლიტიკური შერიგების აქტი გაფორმდეს, საჭიროა სახელისუფლებო უმრავლესობის და უმცირესობაში არსებული პარტიების შეთანხმება უამრავ საკანონმდებლო საკითხზე.

„ქვეყანა უნდა დადგეს სტაბილური განვითარების ეტაპზე. მთავრობაც და ხელისუფლებაც უნდა გადაერთოს საქმის კეთებაზე. ჩემი აზრით, უნდა შემცირდეს ის პოლიტიკური პოლარიზება, რაც ყველა სოციალურ სფეროში არის გამჯდარი, ქვეყანას და მის სამომავლო პერსპექტივებს აზიანებს.

დღეს პრეზიდენტმა სწორად ბრძანა: ერთმანეთთან საუბარი და არა რადიკალური მოწოდებები და მოსახლეობის აყოლიება.

მოსახლეობაში რადიკალური მოქმედებების მოთხოვნა არ არსებობს, ეს არის ფაქტი. ეს მოთხოვნა ვერ გარდაისახა რეალობაში ბოლო 2 წელიწადნახევრის განმავლობაში. იყო ძალიან ბევრი ტურბულენტური გამოსვლები, მიტინგები, მანიფესტაციები, მაგრამ ამან ვერ მიიღო მასიური ხასიათი. ერთადერთი გამოსავალი გახლავთ, სწორედ ის, რომ პოლიტიკოსებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყონ. სიმართლე გითხრათ, შერიგება ცოტა გაუგებარია, რას ნიშნავს პოლიტიკური შერიგება? პოლიტიკური შერიგების აქტი ყოველთვის ფორმდება ინსტიტუციის ფარგლებში, ეს გახლავთ პარლამენტი. იმისთვის, რომ ინსტიტუციის ფარგლებში პოლიტიკური შერიგების აქტი გაფორმდეს, საჭიროა სახელისუფლებო უმრავლესობის და უმცირესობებში არსებული პარტიების დათანხმება უამრავ საკანონმდებლო საკითხზე. ამაზე თუ მოხდება შეთანხმება და არა ვიღაცის მიერ შერიგების პირობების დაყენებაზე, მაშინ ჩავთვლი, რომ სახელმწიფოებრივ მიდგომას აქვს ადგილი. სხვა შემთხვევაში ამ შერიგების არსი ნაკლებად მესმის.

მნიშვნელოვანია პოლარიზაცია. პოლარიზაცია გახლავთ ორი ძლიერი, ერთი სახელისუფლებო, მეორე ოპოზიციური პარტიის რადიკალური დაპირისპირება, ძალიან პატარა პოლიტიკურ ბაზარზე. ერთ მხარეს აქვს ძალიან დიდი ველი, მოსახლეობის მხარდაჭერა, მეორე მხარეს არის მხარდაჭერა და მედიასაშუალებები. პრაქტიკულად, შევსებულია ყველაფერი. მანამ, სანამ არ გაჩნდება ახალი, არა მათი წიაღიდან გამოსული პოლიტიკური ძალა, ჩვენ პოლარიზაციის პირობებში ვიქნებით. ეს პოლარიზაცია იქნება დაბალი, ან მაღალი ხარისხის. სხვა შემთხვევაში პოლარიზაცია გაგრძელდება “,- აღნიშნავს ბოძაშვილი.

კითხვაზე, თუ რაში მდგომარეობს გამოსავალი, ბოძაშვილი განმარტავს, თუ საზოგადოება რადიკალური იქნება სხვა პოზიციების მიმართ, პოლარიზაციას ვერ აღმოვფხვრით.

„ საზოგადოების ფართო ჩართულობის უზრუნველყოფა შესაძლებელია თავად ამ პარტიების მიერ, თუ როგორ პოზიციას დაიკავებენ. რა თქმა უნდა, ამ პარტიების მიერ ამომრჩევლისთვის ახსნა. არა მობილიზება და რადიკალურად დამუხტვა. ეს რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ესეც თუ იქნა მიღწეული, მაშინ ჩავთვალოთ, რომ ამ პროცესმა შედეგი გამოიღო. თუ ეს არ მოხდა, საზოგადოება კვლავ დარჩება რადიკალიზებული სხვა პოზიციების მიმართ, მაშინ პოლარიზაციას ვერ აღმოვფხვრით. ამ შემთხვევაში პრეზიდენტის ინსტიტუტი ძალიან კარგი ინსტიტუტია. ნეიტრალურია და არ მიეკუთვნება პარტიას, როგორც მინიმუმ ფორმალურად“,- აღნიშნავს ბოძაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო