ევროპის გუნდი - ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს სოფლებში სწრაფი ინტერნეტ კავშირის დანერგვაში ინვესტირებას ახდენენ

ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს სოფლებში სწრაფი ინტერნეტ კავშირის დანერგვაში ინვესტირებას ახდენენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის გუნდი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ევროკავშირის ბანკი საქართველოს სოფლებში ეროვნული ფართოზოლოვანი ქსელის გაფართოებისთვის 34 მილიონ ევროს გამოყოფს.

„ევროკავშირის ბანკი საქართველოს სოფლებში ეროვნული ფართოზოლოვანი ქსელის გაფართოებისთვის 34 მილიონ ევროს გამოყოფს.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ეს სესხი უზრუნველყოფილია ევროკავშირის გარანტით, საგარეო დაკრედიტების მანდატის ფარგლებში. დაახლოებით 500,000 ადამიანი 1000 სოფელში სწრაფი, საიმედო და ხელმისაწვდომი ინტერნეტით ისარგებლებს, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, ასევე ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბიზნესის განვითარებას.

ევროკავშირის მიერ გარანტირებული ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი, მხარს უჭერს საქართველოსთვის ციფრული კავშირის გაუმჯობესებას აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფლაგმანი ინიციატივის ფარგლებში.

ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროკავშირის ბანკი, განახორციელებს ინვესტიციას 34 მილიონი ევროს ოდენობით მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ქსელის გაფართოებაში, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ და საიმედო ინტერნეტ სერვისებს საქართველოს 1000 სოფელსა და შორეულ დასახლებაში მცხოვრები 500 000 საქართველოს მოქალაქისთვის. ევროკავშირის ბანკის ინვესტიცია დააფინანსებს 5000 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის ინსტალაციას და უზრუნველყოფს ღია დაშვების ინფრასტრუქტურის დანერგვას საქართველოს საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებისთვის მათ მიერ სწრაფი ინტერნეტის სერვისების უზრუნველსაყოფად. ევროკავშირმა გარანტია გარე დაკრედიტების მანდატის საფუძველზე გასცა.

ეს პროექტი მხარს უჭერს გაუმჯობესებულ ციფრულ კავშირს, როგორც საქართველოსთვის ხუთი ფლაგმანური ინიციატივიდან ერთ-ერთს, აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ეს ახალი ოპერაცია არის ევროპის გუნდის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი, რათა საქართველოს მხარი დაუჭიროს ციფრული ტექნოლოგიების დანერგვაში, ეკოლოგიური და მდგრადი სოციალური და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაში და ქვეყნის მასშტაბით სტიქიური უბედურებებისადმი, როგორიცაა COVID-19 პანდემია, მდგრადობის გაზრდაში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, საქართველოში ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლის სფეროში ინვესტიცია სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის არის მნიშვნელოვანი. „საქართველოში ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლის სფეროში ინვესტიცია მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის, ასევე კეთილდღეობის მოსაპოვებლად. ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის მეშვეობით უკვე დავიწყეთ ადგილზე რეალური სარგებლის მოტანა. ეს ფლაგმანური პროგრამა ხელს შეუწყობს ახალი შესაძლებლობების გაჩენას და სოფლებსა და ქალაქებს შორის არსებული ციფრული სხვაობის შემცირებას მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების გზით დაახლოებით 1000 სოფლისთვის. მიმაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს მოდერნიზაციის, ეკონომიკური განვითარებისა და აღდგენის საქმეში, ასევე ციფრული ინტეგრაციის ხელშეწყობა მისი ეროვნული ფართოზოლოვანი სტრატეგიის შესაბამისად", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, ტერეზა ჩერვინსკას განცხადებით, ევროპის საინვესტიციო ბანკის ინვესტიცია პანდემიით დაზარალებული ეროვნული ეკონომიკის აღდგენას აძლიერებს. „ჩვენი ინვესტიცია სწრაფ და საიმედო ინტერნეტ სერვისებში საქართველოს სოფლებისთვის უფრო მეტია, ვიდრე ევროპის გუნდის კიდევ ერთი ინვესტიცია საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხოვრების ხარისხისა და ბიზნესის კეთების გასაუმჯობესებლად. ის მხარს უჭერს ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობისა და მისი მდგრადი და ეკოლოგიური განვითარებისთვის. და ბოლოს, ეს ინვესტიცია პანდემიით დაზარალებული ეროვნული ეკონომიკის აღდგენას აძლიერებს. ევროპის გუნდთან, EU4Digital-თან, მსოფლიო ბანკთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად, ვაშენებთ თანამედროვე ინფრასტრუქტურას, რომელიც უმნიშვნელოვანესია თანამედროვე და აყვავებული საქართველოსთვის. ევროპის საინვესტიციო ბანკი ამაყობს, რომ კიდევ ერთხელ შეიტანა წვლილი ამ მიზნის მიღწევაში, რომელსაც მთელი ევროპის გუნდი საქართველოსთან ერთად იზიარებს“, - განაცხადა ჩერვინსკამ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, აღნიშნული პროქტი ხელს შეუწყობს სოფლების ციფრულ განვითარებას, რაც საბოლოოდ მათ ეკონომიკურ ზრდაზე აისახება. „საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ციფრული ეკონომიკის განვითარებაა. ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ამ მხრივ უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ინსტიტუტების მხარდაჭერით, როგორიცაა ევროკავშირი, ევროპის საინვესტიციო ბანკი და მსოფლიო ბანკი, ჩვენ ამ მიზნისკენ ვისწრაფვით. ამ მისწრაფებას ადასტურებს ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი „ბოჭკოვან-ოპტიკური ქსელი საქართველოს სოფლებში" ("Rural Fibre Network Georgia"). როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის პრიორიტეტების ფარგლებში ერთ-ერთი ფლაგმანი პროექტი, ის ხელს შეუწყობს სოფლების ციფრულ განვითარებას, რაც საბოლოოდ აისახება მათ ეკონომიკურ ზრდაზე. გარდა ამისა, იგი სრულად შეესაბამება საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელის ეროვნულ სტრატეგიას და მთავრობის 2021-2024 წლების პროგრამას. მსურს მადლობა გადავუხადო ევროკავშირს მუდმივი მხარდაჭერისთვის და მზადყოფნისთვის, დახმარება გაუწიოს საქართველოს პრიორიტეტული სექტორების წინსვლას", - განაცხადა ხუციშვილმა.

ევროპის გუნდი ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით საქართველოს სწრაფვის გრძელვადიან სტრატეგიულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს

ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი საქართველოს Open Net პროგრამის ფარგლებში საჭირო ციფრულ მაგისტრალურ ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფს და საქართველოს სოფლებში ხელს შეუწყობს და გააფართოებს ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან კერძო პირებსა და საწარმოების წვდომას. Open Net პროგრამა ითვალისწინებს თანამედროვე ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებას ქვეყანაში ციფრული სხვაობის შესამცირებლად, საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად და ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად.

Open Net პროგრამა არის Log-In Georgia პროექტის მთავარი კომპონენტი, რომელიც ქვეყანაში ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან კერძო პირებისა და საწარმოების წვდომას ხელს უწყობს. ინფრასტრუქტურის განვითარების გარდა, Log In Georgia პროექტს ასევე გააჩნია პოტენციალი, ხელი შეუწყოს განათლებას, ჯანდაცვას და ფინანსურ სერვისებს, როგორც გაუმჯობესებული ფართოზოლოვანი კავშირის სარგებელს შერჩეულ სოფლებში; იგი ზრდის ქალების, სოციალური უმცირესობების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ციფრულ ჩართულობას.

Log-in Georgia პროექტი და Open Net პროგრამა, როგორც მისი ძირითადი კომპონენტი, სრულად უჭერენ მხარს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 – 2025 წლების ეროვნული სტრატეგიის განხორციელებას, რომელიც მომზადებულია ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ევროკავშირმა და მსოფლიო ბანკმა საქართველოს მთავრობას სტრატეგიის შემუშავებაში ორმაგი ტექნიკური დახმარება გაუწიეს. იგი მოიცავდა დახმარებას სამართლებრივი, პოლიტიკისა და მარეგულირებელი რეფორმების შემუშავებასა და ასევე ეროვნულ ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების წახალისების სქემის შექმნაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა