ბექა ოდიშარია - მისასალმებელია, რომ სულ უფრო მეტი დიასპორელი თანამემამულე ინტერესდება ქართული ეკონომიკით და ქვეყნის აღორძინებაში მონაწილეობის მიღების სურვილს გამოთქვამს

მისასალმებელია, რომ სულ უფრო მეტი დიასპორელი თანამემამულე ინტერესდება ქართული ეკონომიკით და ქვეყნის აღორძინებაში მონაწილეობის მიღების სურვილს გამოთქვამს, - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სსიპ - „აწარმოე საქართველოში“ მხარდამჭერი მექანიზმების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და დიასპორის შესაძლო ჩართულობის მექანიზმებზე იმსჯელეს.

„ჩვენ, ძალიან დიდი ხანია, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის უწყებასთან ერთად ვაჟღერებთ ინიციატივას იმის შესახებ, რომ ქართული დიასპორა მაქსიმალურად ჩავრთოთ ქართული ეკონომიკასა და ქვეყნის განვითარებაში. სულ უფრო მეტი ტალღა მოდის იმ ადამიანების, ვინც ინტერესდება ქართული ეკონომიკით და ქვეყნის აღორძინებაში მონაწილეობის მიღების სურვილს გამოთქვამს. ეს არის მისასალმებელი. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის სწორედ პროექტი „აწარმოე საქართველოში“, - აღნიშნა ოდიშარიამ.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა კომიტეტის წევრებს გააცნო პროექტის ძირითადი მიმართულებები და იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელიც შეიძლება შეთავაზებული იყოს დიასპორის წარმომადგენლებისთვის.

მისი განცხადებით, სააგენტო მუშაობს სამი ძირითადი მიმართულებით, ბიზნეს-განვითარება, ექსპორტის მხარდაჭერა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.

მიხეილ ხიდურელმა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის არსებულ პროგრამებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ არსებულ პროგრამებს მომავალ წელს კიდევ ორი პრიორიტეტული მიმართულება დაემატება. მომხსენებელმა ინდუსტრიული და ტურიზმის მიმართულებების, მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის, ექსპორტის მხარდაჭერის, ინვესტიციების მოზიდვის, საერთაშორისო იმიჯის პოპულარიზაციის, მიმართულებით სააგენტოს მიერ გაწეულ საქმიანობაზე და გეგმებზე საუბრისას, ადგილსამყოფელ ქვეყნებში მცხოვრები თანამემამულეების ჩართულობის მნიშვნელობაზე და ამ კუთხით დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო საინვესტიციო სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, მოწინავე პოტენციური ინვესტორი კომპანიებისა და სტრატეგიულ ბაზრებზე დასაქმებული წარმატებული ქართველების სიის მომზადება და მათთვის საინვესტიციო შესაძლებლობებისა და კონკრეტული შეთავაზებების გაცნობა. სააგენტო ასევე გეგმავს სტრატეგიული კომპანიების ქართველი თანამშრომლების საქართველოში მოწვევას და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციის საჭიროების გაცნობას.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი დიასპორების მიმართულებით განსახორციელებელი პროექტების განხილვას და მათი განხორციელების შესაძლებლობებზე მსჯელობას შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად გეგმავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო