სალომე სამადაშვილი იუსტიციის მინისტრს - საზოგადოება ალბათ, შოკირებულია თქვენი გამოსვლით - ჩვენს თანამედროვე ისტორიაში პირველად, ყოფილი პრეზიდენტი პატიმარია, თქვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა და ეს თემა არ გიხსენებიათ

საზოგადოება ალბათ, შოკირებულია თქვენი დღევანდელი გამოსვლით, ბატონო მინისტრო, იმიტომ, რომ ჩვენს თანამედროვე ისტორიაში პირველად, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი პატიმარია, თქვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა და გამოსვლაში ეს თემა არ გიხსენებიათ, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს, რომელსაც დეპუტატები „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

სამადაშვილმა ბრეგაძეს სააკაშვილთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაუსვა, მათ შორის მოუწოდა, პარლამენტის ტრიბუნასთან დაბრუნების შემდეგ წარმოადგინოს გლდანის ციხეში გადაყვანის თაობაზე მიხეილ სააკაშვილის მიერ გაცემული წერილობითი თანხმობა. ასევე, სამადაშვილმა მინისტრს ჰკითხა, ვინ და როგორ განახორციელა მესამე პრეზიდენტზე ძალადობა.

„გასაგებია, რომ ღარიბაშვილი, რომელსაც ტრიბუნიდან დიდი მადლობები გადაუხადეთ, გიკრძალავთ ამ თემაზე საუბარს, მაგრამ ვშიშობ, ისე ვერ წახვალთ, ამ თემაზე საფუძვლიანი საუბარი რომ არ შედგეს ჩვენ შორის.

საუბრობდით იმაზე, რომ თურმე ციხის სისტემას განახლებული მეთოდებით მართავთ. არ ვიცოდი, რომ არაფორმალური კრიმინალური ქსელების მიერ ციხის ადმინისტრირება, რაც მუდმივად არის დაფიქსირებული საერთაშორისო შეფასებაში, ციხის მენეჯმენტის ინოვაციური მიდგომა იყო. მაგრამ ალბათ, პასუხებში გაგვანათლებთ და აგვიხსნით, როგორ არის კრიმინალების მიერ არაფორმალურად მართული ციხე, ინოვაცია ჩვენს რეალობაში.

რაც შეეხება სააკაშვილის საქმეს. მაქვს კონკრეტული კითხვები: პირველი - როდესაც ტრიბუნასთან გამობრძანდებით, მინდა წარმოადგინოთ წერილობითი თანხმობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს გაცემული აქვს მის გადაყვანაზე გლდანის დაწესებულებაში. თუ ასეთი თანხმობა გაცემული არ აქვს და ასეთი საბუთი ვერ მოიპოვა ვერც საქართველოს სახალხო დამცველმა და ვერც უკრაინის სახალხო დამცველმა, მგონი, თავად გესმით, რასთან გვაქვს საქმე.

მეორე - ყველამ ვიხილეთ და სახალხო დამცველმა დეტალურად აღწერა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან. დღეს დადგენილია, რომ მას აქვს პოსტტრავმული სინდრომი. მაინტერესებს, რომ მოგვიყვეთ დეტალურად, რა მოხდა და საქართველოს მესამე პრეზიდენტზე ვინ, როგორ და რანაირად განახორციელა ძალადობა.

მესამე - მაინტერესებს, ვინ გასცა ბრძანება, რომ გასაჯაროვებულიყო მისი ფარული ჩანაწერები, რაც მისი ყველანაირი უფლების დარღვევაა. გაჟღერდა, რომ თურმე საქართველოს პრეზიდენტის პატიმრობის პირობებში ვინმე განსაკუთრებულ უფლებებს მოითხოვს. ცხადია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი რომ პატიმრობაშია, ეს ქვეყნისთვის უზარმაზარი გამოწვევაა და ის არ უნდა იყოს საპატიმროში, მაგრამ სანამ თქვენს ხელშია, ვალდებული ხართ, მასზე იზრუნოთ როგორც იზრუნებდით სხვა ნებისმიერ პატიმარზე. ასე ზრუნავთ ამ ქვეყანაში პატიმრებზე, როგორც ეს ვნახეთ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში?“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო