რატი ბრეგაძე - საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებას, პოზიციების წარსადგენად მხარეებს ერთი წელი აქვთ

საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებას, საკითხზე პოზიციების წარსადგენად მხარეებს ერთი წელი აქვთ. ამ მიზნით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს უწყებათაშორისი კოორდინაცია და იუსტიციის სამინისტროს სათანადო მტკიცებულებებს აგროვებს, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ დასმულ შეკითხვას.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ომის დროს მასობრივ დარღვევაზე პასუხისმგებელი რუსეთი იყო და მას შესაბამისი კომპენსაციის გადახდაც დააკისრა, რასაც მინისტრმა „ისტორიული გამარჯვება“ უწოდა.

როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, 2022 წლიდან მინისტრთა კომიტეტი დაიწყებს ამ გადაწყვეტილების აღსრულებაზე მუშაობას, სადაც ევროპელ პარტნიორებთან ერთად ყველა სხდომაზე დეოკუპაციისა და დევნილების დაბრუნების საკითხს იქნება დაყენებული.

„საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით, დიდმა პალატამ დაადგინა, რომ ომის დროს მასობრივ დარღვევაზე პასუხისმგებელი რუსეთი იყო, რადგან ის ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს და შესაბამისად, საქართველო აქ ვერ იქნებოდა პასუხისმგებელი. ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა სხვა საქმეში, რომელსაც ამჟამად ვაწარმოებთ.

რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებას, აღნიშნულ საკითხზე პოზიციების წარსადგენად მხარეებს ერთი წელი აქვთ. ამ მიზნით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს უწყებათაშორისი კოორდინაცია და იუსტიციის სამინისტროს სათანადო ინფორმაციას და მტკიცებულებებს აგროვებს ასევე რელევანტური უწყებებიდან. დაზარალებულთა იდენტიფიკაცია ხორციელდება თითოეული დარღვეული მუხლის ფარგლებში, ადამიანს უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ წარდგენილი პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით. დაზარალებულთა კონკრეტული რიცხვი დაზუსტდება 2022 წლის იანვარში, მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტრო დაზარალებულთა სიას წარუდგენს ევროპულ სასამართლოს. გარდა კომპენსაციისა, 2022 წლიდან ასევე მინისტრთა კომიტეტი დაიწყებს ამ გადაწყვეტილებას აღსრულების საკითხზე მუშაობას, რის ფარგლებშიც, ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ყველა სხდომაზე დეოკუპაციის და დევნილების დაბრუნების საკითხს დავაყენებთ“, - განაცხადა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა