პრემიერი - „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, საწარმოებისა და სასტუმროების სესხის თანადაფინანსების პროგრამით ჯამურად, უკვე ისარგებლა 735-მა საწარმომ, 1000-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა

ეკონომიკის მიმართულებით, „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, საწარმოებისა და სასტუმროების სესხის თანადაფინანსების პროგრამით ჯამურად, უკვე ისარგებლა 735-მა საწარმომ, 1000-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა ამ წლების განმავლობაში. 2 მილიარდ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა და 26 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, 2022 წელს გაგრძელდება ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების გაფართოება.

„თუკი პროგრამის ამოქმედებიდან, დღემდე ინდუსტრიული და საკრედიტო საგარანტიო სქემით ჯამურად 1 400 - მდე ბიზნესმა ისარგებლა, ჩვენ დაგეგმილი გაქვს, რომ უახლოეს ორ წელიწადში კიდევ 1 500 ბიზნესს დავეხმაროთ განვითარებასა და ფინანსური რესურსის მოძიებაში. მომავალ წელს ამ მიმართულებით ბიუჯეტში დაახლოებით 270 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

1 სექტემბრიდან წელს უკვე ამოქმედდა პროგრამები „ბიზნეს ექსპორტი“ და „ბიზნეს უნივერსალი“. ისინი 350 ბიზნეს საქმიანობაზე ვრცელდება და ბენეფიციარები, სესხის პროცენტისა და საკრედიტო საგარანტიო სქემის სარგებლობასთან ერთად, გრანტსაც მიიღებენ. საექსპორტო და იმპორტჩამნაცვლელებელ წარმოებებთან ერთად ასეთივე მხარდაჭერით ისარგებლებენ აგროტურისტული და ეკოტურისტული ბიზნეს-პროექტები.

წელს მიკრო გრანტების პროგრამით, 689 პროექტი დაფინანსდა და დამატებით 2500 ადამიანი დასაქმდა.

ასევე წელს ბიზნესის მხარდაჭერის სესხის სუბსიდირების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდა 327 პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 520 მილიონ ლარამდე ჯამური ინვესტიციის მოზიდვას და დაახლოებით 5200-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის საკრედიტო - საგარანტიო სქემით უკვე ისარგებლა 184-მა ბენეფიციარმა და შედეგად შეიქმნა 2 500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.

„წელს ასევე ამოქმედდა იპოთეკური სესხების სუბსიდირების ახალი პროგრამა, რომლითაც უკვე ისარგებლა 900-მდე ჩვენმა თანამოქალაქემ, ოჯახებმა. პროგრამის ბენეფიციარები არიან მრავალშვილიანი ოჯახები ან ოჯახები, ვისაც ეყოლათ ახალშობილი. შედეგად თითოეულმა მათგანმა შეძლო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და ბინების შეძენა ჩვენი პროგრამის დახმარებით.

ჩემი დავალებით, მიმდინარეობს მუშაობა ახალ ტურისტულ პროექტებზე. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება ახალი ტურისტული ლოკაციები და კონკრეტული პროექტების განხორციელება უკვე ახალი წლიდან დაიწყება.

პროექტები განხორციელდება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. 2022 წლიდან მასშტაბური პროექტი დაიწყება და დაახლოებით 5 000 ადამიანს გადავამზადებთ, აღმოვუჩენთ მხარდაჭერას კვალიფიკაციის ამაღლებაში, რათა ისინი საერთაშორისო ბაზრისთვის კონკურენტულ სამუშაო ძალად ჩამოვაყალიბოთ. მომავალ წელს გაგრძელდება ინოვაციური ეკო-სისტემის განვითარების პროცესიც. ამასთან, პირველად საქართველოს მთავრობა სესხს აღარ აიღებს სტარტაპების დასაფინანსებლად და სტარტაპები დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ასევე მინდა მადლობას გადავუხდი ყველა დონორს, რომლებიც წლების განმავლობაში აფინანსებდნენ ჩვენი ეკონომიკის ამ მნიშვნელოვან მიმართულებას.

გაგრძელდება გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უკვე განხორციელდება 17 000 ახალი აბონენტის გაზიფიცირება 107 დასახლებულ პუნქტში.

სვანეთში, ზურულდის მთაზე დასრულდა და სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს ახალი საბაგირო კომპლექსი. ზამთრის სეზონზე ექსპლუატაციაში გაშვებული იქნება გონდოლას ტიპის უახლესი საბაგირო კომპლექსი. სრულყოფილად იფუნქციონირებს კოხტას საბაგირო, რომლის რეკონსტრუქციაც უკვე განხორციელდა.

წელს ხელი მოეწერა ხელშეკრულებებს ელექტროსადგურების მშენებლობაზე:

მათ შორისაა, 27 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, რომელთა დადგმული სიმძლავრე იქნება 152 მგვტ და ინვესტიცია იქნება დაახლოებით 230 მლნ აშშ დოლარი;

ვმუშაობთ მზის ელექტროსადგურების განვითარების პროექტებზეც, ასევე ქარის პროექტებზეც. მაგალითად წელს ჩვენ დავიწყეთ, მოვაწერეთ ხელი ქარის პროექტებს, რომელთა ჯამური სიმძლავრე უნდა იყოს 206 მგვტ, ხოლო აღნიშნული სიმძლავრის საშუალებით ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება იქნება დაახლოებით 812 მლნ.კვტ.სთ.

ასევე წელს გაფორმდა დამატებით ორი ქარის სადგურზე ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლაზე ხელშეკრულება შემდგომში მშენებლობის ფლობისა და ოპერირების მიზნით, აღნიშნული პროექტების ჯამური დადგმული სიმძლავრეა დაახლოებით 30 მგვტ და გამომუშავებული იქნება 108 მლნ.კვტ.სთ.

დასრულდება კვლევა და გადავალთ პილოტირებაზე უახლესი ტექნოლოგიის - მწვანე წყალბადის გამოყენების მიმართულებითაც. აქტიური ღონისძიებები დაიწყება მომხმარებლებში ენერგოეფექტური მიდგომების დასანერგადაც“, - განაცხადა პრემიერმა.

ვლადიმერ ფესენკო - ვიდრე აშშ-რუსეთს, ნატო-რუსეთსა და ეუთო-რუსეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რუსეთის მხრიდან ომის დაწყების ალბათობა დაბალია, შემდეგ კი გამორიცხული არაფერია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.01.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
"სილქფესტის" ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები ულიმიტო პირობით ბრუნდება
იუჯითიმ წარმატებით გაიარა კიდევ ერთი, ამჯერად ISO 20000 სტანდარტის შესაბამისი სერტიფიცირება
„ბლოქსის“ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი კრწანისში
Kontakt Home-ში გრანდიოზული აქცია იწყება - საღამოს ბაზარი მხოლოდ ორი დღით, 28-29 იანვარს
პროექტის - „აზერბაიჯან-საქართველოს კომბინირებული მოგზაურობა“ პრეზენტაცია გაიმართა
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი