დავით ზალკალიანის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ესტონელი კოლეგის შეხვედრაზე ფარული მიყურადების საკითხზე საუბარი იყო, თუმცა, ღარიბაშვილისთვის „ანგარიში არავის მოუთხოვია“

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს პრემიერ - მინისტრისა და მისი ესტონელი კოლეგის შეხვედრაზე ფარული მიყურადების საკითხზე საუბარი იყო, თუმცა, ღარიბაშვილისთვის „ანგარიში არავის მოუთხოვია“. ამის შესახებ ზალკალიანმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, „არანაირი ტაბუდადებული თემები მეგობრებს შორის არ არის“.

„მე ვესწრებოდი ამ შეხვედრას, იყო ძალიან გულწრფელი, მეგობრული საუბარი ყველა იმ დემოკრატიულ პროცესთან დაკავშირებით, რაც ქვეყანას მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრის მხრიდან იყო ამომწურავი ინფორმაცია მიწოდებული, რაც მას აინტერესებდა, მათ შორის, იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც თქვენ ახსენეთ. გამოძიების პროცესი მიმდინარეობს, იცით თქვენ, რომ ღიაობაა სრული დაფიქსირებული, რომ მასში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთონ და მათ შორის, საგამოძიებო მიმართულებით თანამშრომლობა განხორციელდეს. არანაირი ტაბუდადებული თემები მეგობრებს შორის არ არის. იყო ძალიან გულწრფელი საუბარი. არ მოსთხოვა ანგარიში! ეს რა კითხვაა? იქ ვიყავი და მეუბნებით ისეთ რამეს, რაც ბუნებაში არ ყოფილა! გეუბნებით, როგორც იყო“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, საინფორმაციო პორტალი Delfi, ესტონურ გამოცემა Eesti Päevaleht-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრებს შორის შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ელჩების ფარული მოსმენის საკითხსა და ქვეყანაში დაგეგმილ რეფორმებს. გამოცემის ცნობით, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა, რამდენად შორს წავიდა გამოძიება ამ მიმართულებით.

„მე ვუთხარი, რომ ჩვენ გვსურს საქართველოს მხარდაჭერა და მისი დახმარება, მაგრამ თქვენ უნდა გაგვიმარტივოთ ეს. გაატარეთ სასამართლო რეფორმა, შეეცადეთ გადალახოთ განხეთქილება საზოგადოებაში. ასევე ვუთხარი, რომ სრულიად მიუღებელია, რომ თქვენ ჩვენ ფარულად გვისმენთ. ჩვენ - თქვენი მეგობრები არაფერ ცუდს არ ვამბობთ თქვენს ზურგს უკან. ასე არ ხდება! აქედან გამომდინარე, ვკითხე, რამდენად შორს წავიდა გამოძიება, იმიტომ, რომ აქამდე აცხადებდნენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, შემთხვევის გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ კონკრეტული პასუხი მას არ ჰქონდა,“- განაცხადა კაია კალასმა Eesti Päevaleht-თან საუბარში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო