სერგო ჩიხლაძე - უნდა შევჯერდეთ ყველასათვის სასარგებლო კომპრომისზე - ამ კვირაში შეხვედრები იქნება, რომელსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ დაესწრება

შეხვედრები ამ კვირაში იქნება და მათ „სტრატეგია აღმაშენებელი“ დაესწრება - მთავარია, რომ პოზიციების დაახლოება მოხდეს, გარკვეული კონსენსუსი კონკრეტულ საკითხებზე და ასევე საჭიროა დათმობები, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის ფარგლებში შეხვედრებთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია, რომ ყველა პარტიის ხედვები და მიდგომები შეჯერდეს, თუმცა მთავარი იქნება ხელისუფლების პოზიცია.

„სხვა პარტიებს, შესაძლოა, სხვა ხედვები აქვთ, აქედან გამომდინარე, ეს ხედვები და მიდგომები უნდა შეჯერდეს, მაგრამ მთავარია ხელისუფლების პოზიცია. საბოლოო ჯამში, მთავარი გადაწყვეტილება და ბერკეტი ხელისუფლებას აქვს. უნდა შევჯერდეთ ყველასათვის სასარგებლო კომპრომისზე და არა ის, რომ „მე მოვიგე, შენ წააგე“ - ასეთი მიდგომა არ უნდა იყოს.

თავად პროცესი გვაჩვენებს რა მოხდება. წინასწარ იმაზე საუბარი, თუ ვინ რა საკითხს გაიტანს და ვის რა მიაჩნია სწორად, არ იქნება სწორი. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელს“, 7-პუნქტიანი გეგმა გვაქვს და თუ ვიტყვით, რომ შვიდივე თუ არ შესრულდება, სხვას არ განვიხილავთ, იქნება არასწორი. სწორედ ამიტომ, მთავარია, რომ დაიწყოს დიალოგი და შევჯერდეთ. მომეჩვენა, რომ პრეზიდენტს გულწრფელად სურს პროცესების დეესკალაცია და საჭიროა, რომ ეს მივიდეს ბოლომდე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აქ მთავარია „ქართული ოცნების“ პოზიცია“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ამასთან ერთად, ის შეეხო საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას.

„პატიმრის შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა. წინასწარ ვერ ვისაუბრებ, ისე კი პარალელს გავავლებ, რომ სხვა პოლიტიკური პატიმრების შეწყალებაზე ადრეც თქმულა „არა“, მაგრამ შეთანხმებას მოუტანია „კი“. აქედან გამომდინარე, გამორიცხული არაფერია, მაგრამ წინასწარ წინაპირობად ჩვენ ვერაფერს დავაყენებთ, მთავარია ეს პროცესი დაიწყოს. შემდეგ კი შევხედავთ, რამდენად კონსტრუქციული პროცესი იქნება.

ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია მე-3 პრეზიდენტის გათავისუფლება და სხვა ქვეყანაში გადაყვანა, რადგან რეალობა ხომ ის არის, რომ პროცესი არ განიმუხტება ამ საკითხის გადაჭრის გარეშე. კონკრეტულად როგორ გადაწყდება, იქნება ეს შეწყალება, სამკურნალოდ გადაყვანა თუ სხვა, ამაზე ახლა ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ ამ პროცესის მოგვარების გარეშე პროცესი ვერ განიმუხტება. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ფაქტის უკან დგას 500 000 – 600 000 ადამიანი, შესაბამისად, თუ ამ ხალხის „პოლიტიკური დაკმაყოფილება“ არ მოხდა, შესაბამისად, არ მესახება წარმოსადეგად, რომ განიმუხტა სიტუაცია და ახალი ფურცლიდან დავიწყეთ. ამ საკითხს ყველა ვარიანტში შევეხებით, მაგრამ როგორი გადაწყვეტა იქნება და როგორი გზით წავალთ, ამას მომავალი კვირები გვიჩვენებს“, - აღნიშნა ჩიხლაძემ.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ პოლიტიკური დისკუსიები პარლამენტში გაგრძელდეს. როგორც მან განაცხადა, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები მოახლოვდა.

„ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს დისკუსიები პარლამენტში გადავიდეს. მიმაჩნია, რომ პარლამენტში ოპოზიცია სრულად უნდა იყოს წარმოდგენილი, რადგან ძალიან საინტერესო, აქტუალურ და მწვავე დებატებზე ჩვენი კოლეგები გვაკლია. აქედან გამომდინარე, არ იქნება სირთულე არც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, თუ დეესკალაციის გზით წავიდა პროცესები, მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სრულად ჩაერთვება ამ პროცესში, მითუმეტეს, რომ ახალი წლის შემდეგ უახლოესი საკითხი იქნება საკონსტიტუციო ცვლილებები. მათი პოზიციაც არის, რომ ისინი აუცილებლად დაესწრებიან ამას. არ მგონია, რომ ეს საკითხი იყოს განსაკუთრებით წინააღმდეგობრივი.

რაც შეეხება „ემპათიას“ დასკვნას, სახალხო დამცველის მიერ შედგენილი კონსილიუმის წევრების დასკვნებიც და დიაგნოზებიც საკმაოდ სერიოზულია და ასევე საჭიროა სერიოზული მკურნალობა. ეს საკითხი ისევ გადასაწყვეტია. საჭიროა ზუსტი დიაგნოზი, შემდეგ შესაბამისი მკურნალობა, რეაბილიტაცია - ეს ყველაფერი რამდენად შესაძლებელი იქნება გორის ჰოსპიტალში ან საქართველოს ტერიტორიაზე? ამის მიხედვით უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება. რეალურად, ეს საკითხიც დადგება ამ მოლაპარაკებების დღის წესრიგში და აქედან გამომდინარე, პოლიტიკური გადაწყვეტილებაც იქნება მისაღები“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა