ირაკლი კობახიძე “ნაცმოძრაობაზე” - 3 წელი აღარავითარი არჩევნები აღარ იქნება, ძალიან გაუჭირდებათ - რაც შეეხება სააკაშვილს, ჩვენთვის საერთოდ არ არის პრობლემა, სააკაშვილი არის პრობლემა ქვეყნისთვის

პოლარიზაციის ჩაკეტილი წრის გარღვევის გასაღები არის ის, რომ „ნაცმოძრაობა“ უნდა დასუსტდეს - ტენდენცია კარგია, მთავარია გაგრძელდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

როგორც კობახიძემ განმარტა, „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტების პროცესი არჩევნების შემდეგ აქტიურად დაიწყო.

„პოლარიზაცია არის ტვირთი ქვეყნისთვის და მისი განვითარებისთვის, მაგრამ არის ობიექტური გარემოებები, რაც შეუძლებელს ხდის ჩაკეტილი წრის გარღვევას. რეალისტურად თუ შევხედავთ, ერთადერთი რაშიც არის პოლარიზაციის ჩაკეტილი წრის გარღვევის გასაღები, ეს არის ის, რომ „ნაცმოძრაობა“ უნდა დასუსტდეს, როგორც პოლიტიკური ძალა. ტენდენცია კარგია, მთავარია ეს ტენდენცია გაგრძელდეს“, - განაცხადა კობახიძემ და დასძინა: „არჩევნების შემდეგ არის ეს პროცესი აქტიურად დაწყებული“.

ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნულს თავის მიზეზები აქვს. კობახიძე ორ ფაქტორს ასახელებს, რომელიც, მისივე აზრით, "არსებითად ასუსტებს პარტიას".

„ერთი - გასაგებია, რომ 31% აიღეს, მაგრამ პრინციპული არჩევნები წააგეს და 3 წელი აღარავითარი არჩევნები აღარ იქნება. მათ თვითონაც იციან, რომ სამი წელი ძალიან გაუჭირდებათ.

მეორე - სააკაშვილი, მათი ბელადი, ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს ამ პოლიტიკურ პარტიას, არის ციხეში“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი პრობლემა არ არის „ქართული ოცნებისთვის“, თუმცა პრობლემაა ქვეყნისთვის.

„სააკაშვილი ჩვენთვის, როგორც პარტიისთვის საერთოდ არ არის პრობლემა. სააკაშვილი არის პრობლემა ქვეყნისთვის თბილისში ციხეში, უკრაინაში ციხის გარეთ თუ სადღაც ამსტერდამში. ყველგან არის პრობლემა, რადგან ის არის მთავარი დესტრუქციული ძალის ლიდერი. ის აქაც პრობლემაა, იქაც პრობლემაა ქვეყნისთვის, ჩვენთვის არა, მაგრამ რა ვუყოთ ამ პრობლემას, მოცემულობაა“, - განაცხადა კობაძიძემ.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს, კობახიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა რამდენჯერმე უკვე განაცხადა, რომ არ შეიწყალებს.

„მას რამდენჯერმე აქვს ნათქვამი, რომ არ შეიწყალებს და ძალიან პრინციპულად აქვს ეს პოზიცია დაფიქსირებული. ამის იქით არანაირი ეჭვების საფუძველი არ გვაქვს“, - განაცხადა კობახიძემ.

გადაცემის წამყვანის რეპლიკაზე, თუ შეიწყალებს, როგორი იქნება მისი პოზიცია, კობახიძე პასუხობს, რომ „რა თქმა უნდა, მიუღებელი იქნებოდა“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო