მიხეილ ჩხენკელმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა „მსოფლიო ბანკის“ წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომელთაც ადამიანური კაპიტალის განვითარების რეგიონული დირექტორი ფადია სადააჰი ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განმარტავენ, მიხეილ ჩხენკელმა „მსოფლიო ბანკის“ წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საქართველოში განათლების სფეროსა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ მათი თანადგომა განსაკუთრებით ფასდაუდებელი იყო პანდემიის დრო, როდესაც უმთავრეს ამოცანას განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა.

„მინისტრმა განათლების სისტემის ძირითად რეფორმებზე ისაუბრა და განსაკუთრებულად გამოყო ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზაცია, რომელიც 2022-2030 წლებში განხორციელდება. გარდა ამისა, მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, რომ პირველად, ქართული განათლების ისტორიაში, უკლებლივ ყველა სკოლა გაივლის ავტორიზაციას ახალი სტანდარტის მიხედვით, რაც შედეგად მოიტანს ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ხარისხის უზრუნველყოფის მოქნილი და ეფექტიანი მექანიზმების დანერგვას. პროცესი 2026-27 სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულებული იქნება. მინისტრმა კერძო-საჯარო პარტნიორობით დაფუძნებული პროფესიული უნარების სააგენტოზეც ისაუბრა, რომელიც ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების სფეროს განვითარებას ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.

შეხვედრაზე მხარეებმა უმაღლესი განათლების მიმართულებით მიმდინარე რეფორმაზეც ისაუბრეს, კერძოდ, შედეგზე ორიენტირებული დაფინანსების ახალი მოდელის შესახებ, რომლის საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან განხილვის პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება. თავის მხრივ, ფადია სადააჰიმ აღნიშნა, რომ უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვა სისტემისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

„მსოფლიო ბანკის“ ადამიანური კაპიტალის განვითარების რეგიონულმა დირექტორმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს და აღნიშნა, რომ ყველა ის სიკეთე, რომელიც სისტემაში მიმდინარეობს, საზოგადოების კეთილდღეობაზე აისახება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „მსოფლიო ბანკის“ რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური სექტორის დაცვის პროგრამების ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში ლევენტ იენერი და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით სტრატეგიისა და ოპერაციების დირექტორი, ქსიაოქინგ იუ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს