BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატი გაუმჯობესებას განაგრძობს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის 2021 წლის მეოთხე კვარტლის კვლევის თანახმად, კვლავ გრძელდება წინა კვარტლებში დაწყებული პოზიტიური დინამიკა - გამოკითხულმა კომპანიებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი ისევ დადებითად შეაფასეს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, 2021 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებელი დამატებით 8 ქულით გაუმჯობესდა და 18.8 ქულა შეადგინა. ხოლო ბიზნესის მოლოდინმა, 5 ქულიანი ზრდის შედეგად, 49.8 ქულას მიაღწია. შედეგად, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 33.8 ქულას უტოლდება, რაც გაუმჯობესებულია როგორც წინა, მესამე კვარტალთან შედარებით, ასევე წლიურ ჭრილშიც.

„მთლიანობაში, უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის განმავლობაში, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი უმჯობესდება და ეტაპობრივად უახლოვდება პრეპანდემიურ მდგომარეობას. BAG ინდექსის ფარგლებში, ბიზნეს კლიმატის პრეპანდემიურ მდგომარეობას 2019 წლის IV კვარტლის კვლევა ასახავს, როდესაც ბიზნეს კლიმატი 40 ქულას აღემატებოდა.

კვლევის ფარგლებში, გამოკითხული კომპანიები ოთხ სექტორში ერთიანდება: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა.

2021 წლის განმავლობაში ვაჭრობის, მრეწველობისა და მომსახურების სექტორებში ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი ოთხივე კვარტალში დადებითია. განსხვავებული მდგომარეობა იყო მშენებლობის სექტორში, სადაც 2021 წლის პირველ ნახევარში ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი უარყოფითი იყო, თუმცა 2021 წლის III და IV კვარტლებში მაჩვენებელი დადებითია და, 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმჯობესდება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვაჭრობის სექტორი ერთადერთია, სადაც ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2021 წლის IV კვარტალში, პრეპანდემიურ პერიოდთან (2019 წლის IV კვარტალი) შედარებით, გაუმჯობესებულია (1.8 ქულით).

BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრების და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებას. შესაბამისად, BAG ინდექსი წარმოადგენს საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMCG კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს. BAG ინდექსის მიმდინარე კვლევა ნოემბრის თვეში ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე მომზადდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„2021 წლის მეოთხე კვარტალმა აჩვენა, რომ ქვეყანაში ბიზნესის როგორც მიმდინარე მდგომარეობა, ასევე მოლოდინები პოზიტიურია, ანუ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბიზნესის კლიმატის ინდექსი. აღნიშნული, რა თქმა უნდა, განაპირობა ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ და ზოგადად მაკროეკონომიკური სურათის გაუმჯობესებამ. იმედს გამოვთქვამთ, რომ 2022 წლის მაჩვენებლები კიდევ უფრო კარგი იქნება და ბიზნესი ეტაპობრივად გამოვა იმ კრიზისიდან, რომელიც კოვიდპანდემიამ განაპირობა“- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

კვლევის ანგარიშის აღნიშნული ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ მომდევნო ბმულზე.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს