საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების თავმჯდომარეობით, ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების თავმჯდომარეობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა.

კომისიის სხდომა ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა გახსნეს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა სომეხ კოლეგას საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე.

„მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო, პატივცემულო დელეგაციის წევრებო, ძვირფასო სტუმრებო, ჩემთვის დიდი პატივია გიმასპინძლოთ საქართველოში. მივესალმები ჩემს მეგობარს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს თბილისში. ამ წელს ეს თქვენი რიგით მეორე ვიზიტია საქართველოში. ერევანში ოფიციალური ვიზიტით ორჯერ ვიყავი და სიამოვნებით და კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ ეს მართლაც მიუთითებს მჭიდრო ურთიერთობაზე, თანამშრომლობაზე, კეთილგანწყობაზე, რომელიც ჩვენს შორის არსებობს და მე მინდა ამ განწყობისა და დამოკიდებულებისთვის მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ჩვენი ინიციატივით და მოლაპარაკებით დღეს გამართული ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია ჩვენს დონეზე, პრემიერ-მინისტრების დონეზე იმართება. რა თქმა უნდა, თქვენი პირადი ჩართულობით განახლდა ეს კომისია, რომელიც წლების განმავლობაში არ იმართებოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ჩვენს შორის არსებული ძალიან მჭიდრო, მეგობრული თანამშრომლობა კონვერტირდეს რეალურ საქმედ. უნდა განვავითაროთ მჭიდროდ ჩვენი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები, ვისაუბროთ რეგიონულ პროექტებზე, ინფრასტრუქტურაზე, სხვა პროექტებზე, რომელიც საინტერესო იქნება ორივე ქვეყნისთვის. სწორედ ამ მიზნით, ამ მოტივით შევიკრიბეთ დღეს. ჩვენს შორის ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა. სიამაყით და სიამოვნებით უნდა ითქვას, რომ ასეთი ურთიერთობა არ ყოფილა ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის გვქონდა ძალიან მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სწორედ ჩვენი დამსახურებაა ის, რომ ჩვენს მთავრობებს, ქვეყნებს შორის არავითარი გაუგებრობა არ არსებობს და მართლაც იდეალური ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. საქართველო ყოველთვის არის მოტივირებული, რომ ამ პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს და სწორედ ამ მიზნით გავაჟღერე „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა“. მინდა, დაგიდასტუროთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, მივიღოთ მონაწილეობა რეგიონის მასშტაბით და წვლილი შევიტანოთ რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის განვითარებაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის დელეგაციის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა.

„ღრმად პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო ირაკლი, სხდომის პატივცემულო მონაწილეებო, ქალბატონებო და ბატონებო, გულითადად მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის მონაწილეებს. უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ქართველ კოლეგებს ტრადიციული, თბილი მიღებისთვის.

კმაყოფილებით მინდა დავაფიქსირო, რომ მიუხედავად სიძნელეებისა, დღეს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და წარმატებები დაფიქსირდა სხვადასხვა სფეროში. 2019 წელს ჩვენ საქართველოსთან ამბიციური თამასა განვსაზღვრეთ, მიზნად დავისახეთ ჩვენი ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობის გაზრდა 1 მილიარდ დოლარამდე. კოვიდ-პანდემიამ შეანელა ეს პროცესი, მაგრამ ახლა, როდესაც ვსწავლობთ კოვიდის პარალელურად ცხოვრებას, წინადადება მაქვს, განვაგრძოთ ჩვენი მიზნის მისაღწევი ყველა მიმართულებით მუშაობა და აუცილებლად მივაღწიოთ 1 მილიარდ დოლარამდე ჩვენი ქვეყნების სავაჭრო ბრუნვას. მართალია, გვაქვს შემოთავაზება, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ძალზედ ამბიციური საკითხია და ხაზი მინდა გავუსვა, რომ მართალია, მიმდინარე წლის 10 თვის ჩვენი ურთიერთვაჭრობის მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა წინა 3 წლის წლიურ მაჩვენებელს, მაგრამ ჯერ შორს ვართ 1 მილიარდის მიღწევამდე. ეკონომიკური ურთიერთობების მთავრობათაშორისმა კომისიამ შექმნა საუკეთესო პირობა იმისა, რომ კომისიას დღეს უკვე თავმჯდომარეობს ორი ქვეყნის ხელმძღვანელი, ესეც უპრეცედენტოა. მთავრობათაშორისი კომისიის ეს სხდომა უნდა ჩატარებულიყო გასულ წელს, რაც პანდემიის გამო ვერ ჩატარდა, მაგრამ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, როგორც ჩვენს დონეზე, ასევე დარგობრივი პასუხისმგებლობის დონეზე, იმართებოდა დინამიურად. დღეს ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგი მოიცავს მრავალ სფეროს. ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები კი ხელს უწყობს ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის შენარჩუნებას, რის მნიშვნელობაზეც უკვე ისაუბრა ბატონმა პრემიერმა.

საქართველო-სომხეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში ჩამოყალიბდა მკაფიო მიმართულებები, რომლებიც მოიცავს ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მაღალი ტექნოლოგიების, ტურიზმისა და სხვა სფეროებს. საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა ურთიერთნდობა, რომელიც დამყარებულია ჩვენი ხალხების ისტორიულ მეგობრობაზე. მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენი ურთიერთობების ადამიანურ და ემოციურ სფეროს. ეს ეხება არა მხოლოდ ჩემსა და ბატონ ღარიბაშვილს შორის ურთიერთობებს, არამედ თანამშრომლობას ჩვენს მთავრობებს შორის. ჩვენი ხალხები ცხოვრობენ მეგობრულად და ეს ხდება არა იმიტომ, რომ ჩვენს მთავრობებს აქვთ ოფიციალური, არამედ ადამიანური ურთიერთობა. ჩვენ ეს ნდობა უნდა გავაღრმავოთ. სომხეთისა და საქართველოს ხელმძღვანელების შეხვედრები პერიოდულია. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი ურთიერთობების მრავალი სფერო განვიხილოთ. წელს მე და ბატონი პრემიერი უკვე ოთხჯერ შევხვდით. მსგავსი განვითარება ჩვენს ქვეყნებს შორის არ ყოფილა და ეს საფუძველია იმისა, რომ შევძლოთ ეკონომიკური ურთიერთობების ახალი დონის განსაზღვრა და ჩვენი ურთიერთობების ტრადიციული დონე უფრო ავამაღლოთ. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას სომხეთის დელეგაციის მაღალ დონეზე მიღებისთვის“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკურ საკითხებზე თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ოქმს.

კომისიის სხდომაში საქართველოსა და სომხეთის მთავრობის წევრები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს