ანა ბიბილაშვილი - არქიტექტორთა კავშირმა ახალი ბელადი იშოვა - თეა წულუკიანი, კულტურის მინისტრი ასე ცდილობს გავლენა მოახდინოს კალაძესა და მის ინტერესებზე

„ლელოს“ ინფორმაციით, 24 დეკემბერს არქიტექტორთა კავშირში არჩევნები ჩატარდება.მათივე ცნობით, თავმჯდომარის პოზიციისთვის სულ სამი კანდიდატი იბრძოლებს - ნუგზარ ხვედელიანი, ანა ბიბილაშვილი და ნიკოლოზ აბაშიძე.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არქიტექტორთა კავშირი თავისი 90 - წლიანი ისტორიით დიდ გამოცდილებას ინახავს, ამ გამოცდილებას სამწუხაროდ მემკვიდრეობით გამოყვა საბჭოთა მდუმარე შემგუებლობა ყველაფრის მიმართ, რასაც ხელისუფლება ან ბელადი გადაწყვეტს, დღეს კავშირმა შესაძლოა ახალი ბელადი იშოვა - თეა წულუკიანი", - აცხადებს ანა ბიბილაშვილი.

მისივე თქმით, საქართველოში სამშენებლო სფერო არ არსებობს, საქართველოში არსებობს მხოლოდ კორუფციაში ჩაძირული სამშენებლო ქაოსი.

„მაშინ, როდესაც საქართველოს დიდ ქალაქებში თბილისსა და ბათუმში ხელისუფლებები უმოწყალოდ ანადგურებენ კულტურულ მემკვიდრეობას, აშენებენ პანორამას, ქმნიან ბეტონის და ცათამბჯენების ჯუნგლებს, ჩეხავენ და ახმობენ ხეებს, აბინძურებენ გარემოს, ჭრიან და კერავენ რეგულაციებს, მაშინ როდესაც დღესაც კი არ არის აუცილებელი დიპლომი არქიტექტორისთვის და არქიტექტორობა მერიის არქიტექტურის სამსახურში მუშაობისთვის, მაშინ როდესაც გელათი დღემდე ნადგურდება, საქართველოში მოქმედი ყველაზე ძველი და დიდი გამოცდილების მქონე პროფესიული საზოგადოება ხან ხელისუფლების კვერისდამკვრელის ფუნქციას ასრულებს, ხანაც მორჩილად დუმს.

საქართველოში სამშენებლო სფერო არ არსებობს, საქართველოში არსებობს მხოლოდ კორუფციაში ჩაძირული სამშენებლო ქაოსი.

ასეთ პირობებში, არქიტექტორთა კავშირის შეუცვლელი თავმჯდომარე, დავით აბულაძე, თითქმის 20 წელია აგრძელებს კავშირის მართვას (ზუსტად არც ერთ წევრს არ ახსოვს და პირად საუბრებში ხუმრობით ბრეჟნევს ეძახიან) და რაც მეტი დრო გადის მით მეტი სიჩუმის უზრუნველყოფას. რა უჯდება ეს სიჩუმე ხელისუფლებებს საიდუმლოა, მაგრამ მარტივი დასანახია რა უჯდება ეს სიჩუმე თბილისსა და ბათუმს.

ბოლო პერიდში კავშირის აქტივობები თითქმის ნულოვან ნიშნულზე იყო დასული, თუმცა მოულოდნელად, სრულიად უმიზეზოდ, თეა წულუკიანმა ინტერესი გამოთქვა კავშირის მიმართ, შეხვედრაც მოითხოვა და მემორანდუმიც გააფორმა. შემდეგ დიდი სიამაყით გამოაცხადა, რომ არქიტექტურა, როგორც ხელოვნების და კულტურის დარგი, უნდა იყოს სამინისტროსგან მხარდაჭერილიო" , - აცხადებს ანა ბიბილაშვილი.

მისივე თქმით, „საინტერესოა, რომელ კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით მოვიდა წინააღმეგობაში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფალის ინტერესები, კულტურის მინისტრი ასე ცდილობს გავლენა მოახდინოს კალაძესა და მის ინტერესებზე, თუ ხელოვნების ყველა დარგზე კონტროლის აღება არის მისი გრძელვადიანი ამოცანა".

"წელს ის შემთხვევაა, როდესაც კავშირის მრავალწლიან თავმჯდომარეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს, სულ სამი კანდიდატი იქნება: ნუგზარ ხვედელიანი, ანა ბიბილაშვილი და ნიკოლოზ აბაშიძე. მათ შორის, ერთ-ერთს კავშირის თავმჯდომარის და ხელისუფლების დიდი მხარდაჭერა აქვს და რთული გამოსაცნობიც არაა როგორ გაგრძელდება პროფესიული კავშირის ცხოვრება, მისი გამარჯვების შემთხვევაში.

მოკლედ ფაქტი ერთია, სანამ საქართველოში ხელისუფლებაზე მორგებული „დეველოპმენტი" კანონებს, წესებს, რეგულაციებს და სამშენებლო ამნისტიასაც კი ლამის საკუთარი ხელით წერს, პროფესიული ორგანიზაცია, რომელსაც არაერთი გამოცდილი და ცნობილი არქიტექტორი წევრი და არც თუ მცირე ღირებულების უძრავი ქონება გააჩნია, უბრალოდ საკუთარ ჭაობში იხარშება და მორიგ არჩევნებს ელოდება, რომელმაც უნდა შეცვალოს ან არ შეცვალოს არა მხოლოდ მის შიგნით არსებული წესები, არამედ ერთხელ და სამუდამოდ საკუთარ თავზე აიღოს ქვეყანაში მიმდინარე სამშენებლო ქაოსის შესახებ პასუხისმგებლობა და გამართული, გამჭირვალე და მდგრადი განვითარების მიმართულება შესთავაზოს ხელისუფლებას და მოქალაქეებს.

სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში დაახლოებით 200 ადამიანს აინტერესებს ვინ იქნება არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე, თუმცა მილიონზე მეტ ადამიანს აწუხებს მისი უმოქმედობის შედეგები", - აცხადებს ანა ბიბილაშვილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა