ლაშა დარსალია - გვაქვს რეალობა, როცა ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული საკითხები რუსეთის მიერ გამოყენებულია როგორც პოლიტიკური ვაჭრობის საგანი, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას შეფასებით, ადამიანები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, გამოყენებული არიან როგორც მძევლები პოლიტიკური ამოცანების მისაღწევად. ამის შესახებ დარსალიამ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მან ჟენევის მოლაპარაკებების პროცესზე ისაუბრა. როგორც დარსალიამ აღნიშნა, კონფლიქტის თემა საქართველოსთვის დიდი თავის ტკივილია.

„რაც შეეხება ჟენევის მოლაპარაკებებს, ის შექმნილია კონკრეტული პროცესის გარშემო, ეს არის ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმება, რომელიც 2008 წლის აგვისტოში გაფორმდა. სამწუხაროდ, რეალობა ყველასთვის კარგადაა ცნობილი, თუ სად ვართ, რუსეთი ყველანაირად ცდილობს თავი აარიდოს ამ 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულებას. 6 პუნქტიდან მხოლოდ ერთია შესრულებული, ის, რაც საქართველოს ვალდებულებებს ეხება. მოლაპარაკებების პროცესი ორ ჯგუფში მიმდინარეობს - უსაფრთხოების და ადამიანის უფლებათა ჯგუფი, ჰუმანიტარული საკითხების ჯგუფი. გვაქვს რეალობა, როდესაც ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული საკითხები რუსეთის მიერ გამოყენებულია როგორც პოლიტიკური ვაჭრობის საგანი, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტი. შესაბამისად, საქართველოს ერთ-ერთი ამოცანაა ადამიანის უფლებებზე და ჰუმანიტარულ საკითხებზე პროგრესის მიღწევა ისე, რომ ეს პირდაპირ დაკავშირებული არ იყოს უსაფრთხოების თემატიკასთან. ამ მიმართულებით ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანა გვაქვს. ერთ-ერთი ამოცანა ასევე არის ადამიანის უფლებების საერთშორისო მექანიზმების უპირობო შეღწევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე", - განაცხადა დარსალიამ.

რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული თვალსაზრისით მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

„რუსეთი ცდილობს ეს ვითარება გამოიყენოს ზეწოლის ინსტრუმენტად, რაც კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას. არსებული ვითარება კიდევ უფრო დამძიმებულია მიზანმიმართული პოლიტიკის მიერ, რომლის მიზანიც არის ჰუმანიტარული საკითხები და ადამიანის უფლებებით ვაჭრობა გამოყენებულ იქნას როგორც დამატებითი ზეწოლა უშუალოდ მოლაპარაკებათა პროცესებში და საქართველოს ხელისუფლებაზე. ეს კიდევ მეტად ართულებს კონკრეტული ამოცანების მიღწევას 6-პუნქტიანი შეთანხმების მიმართულებით. ის რეალობა, რაც ადგილზე გვაქვს და დაკავშირებულია უკანონო ბორდერიზაციებთან, დაკავებებთან, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციასთან, ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილი, რათა მეტად გაძლიერდეს ზეწოლა საქართველოზე. ადამიანები, ვინც დღეს ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეალურად არიან მძევლები და გამოყენებული არიან როგორც მძევლები პოლიტიკური ამოცანების მისაღწევად“, - განაცხადა დარსალიამ.

ცნობისთვის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ჟენევის ფორმატის შესახებ დისკუსია დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ სხდომის დახურვამდე განმარტა, დეპუტატების სურვილია, რომ სხდომა დაიხუროს, რადგან არის კონკრეტული საკითხები, რომლებზეც ღია ფორმატში ვერ ისაუბრებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა