რომან გოცირიძე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პოტენციალთან დაკავშირებით საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია MTBS-ის მიერ მიღებული დასკვნის გასაჯაროებას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი რომან გოცირიძე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პოტენციალთან დაკავშირებით საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია MTBS - ის მიერ მიღებული დასკვნის დაუყოვნებლივ გასაჯაროებას ითხოვს.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ გააფორმა კომპანიასთან „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ" კონფიდენციალური ხელშეკრულება და მიიჩნევს, რომ ეს კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს, რომ მთავრობა მიზანმიმართულად ცდილობს ანაკლიის პროექტის შეფერხებას.

გოცირიძის ინფორმაციით, კვლევასთან დაკავშირებით სადეპუტატო კითხვებით ჯერ ეკონომიკის სამინისტროს, შემდეგ კი სააგენტოსაც მიმართა, თუმცა, კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მიმდინარე წლის მაისში დაიქირავა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია MTBS (Maritime & Transport Business Solutions B.V.), რომელსაც უნდა ჩაეტარებინა ახალი კვლევა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პოტენციალთან დაკავშირებით, უფრო კონკრეტულად კი, უნდა განეახლებინა ანაკლიის პროექტისთვის ტვირთნაკადების პროგნოზი და ბიზნეს-მოდელი, ასევე, უნდა შეემუშავებინა ახალი მარკეტინგის სტრატეგია და საჯარო-კერძო პარტნიორობის ოპტიმალური მოდელი. სამუშაოს დასრულების ვადა განსაზღვრული იყო 8-9 კვირის ფარგლებში. ფაქტობრივად, ეს გადაწყვეტილება ნიშნავდა ანაკლიის პროექტის ეფექტიანობაში ეჭვის შეტანას და პროექტის განვითარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების გადავადებას. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოს შესრულებიდან გავიდა რამდენიმე თვე, მთავრობა არაფერს ამბობს ამ კვლევის შესახებ და უმალავს მის შედეგებს ჩვენს მოქალაქეებს. ამიტომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მივმართეთ პარლამენტის წევრის კითხვით აღნიშნული კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ. სამინისტრომ გადაგვამისამართა სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოსთან". სააგენტომ გვიპასუხა, რომ "სააგენტოსა და ამ საკონსულტაციო კომპანიას შორის 2021 წლის 1 ივნისს გაფორმებული კონფიდენციალობის შეთანხმების შესაბამისად, საკონსულტაციო კომპანიის მიერ შესრულებული კვლევები კონფიდენციალურია და არ ექვემდებარება გამჟღავნებას ან/და მესამე პირებისთვის გადაცემას“.

გაუგებარია, რატომ გახდა აუცილებელი კონფიდენციალური ხელშეკრულების გაფორმება. დღემდე უცნობია, თუ როდის აპირებს მთავრობა ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი გეგმის წარმოდგენას. კიდევ უფრო ღრმავდება ეჭვი, რომ მთავრობა მიზანმიმართულად ცდილობს ანაკლიის პროექტის შეფერხებას და მიმართავს დროის გაჭიანურების ტაქტიკას. საჭიროა მიღებული დასკვნის დაუყოვნებლივ გასაჯაროება", - აღნიშნავს გოცირიძე.

მისივე თქმით, თუ სახელმწიფო უწყებები მსგავსი ხრიკებით თავიდან აიცილებენ პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის გაცემას, მაშინ აზრს კარგავს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო კონტროლის ეს ფორმა. „პარლამენტი ვალდებულია მოახდინოს პარლამენტის რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებები, რათა ჩინოვნიკის კეთილ ნებაზე არ იყოს დამოკიდებული მსგავსი ინფორმაციის გასაჯაროება. ყველა ხელშეკრულება, რომელიც დაიდება საქართველოს სახელმწიფო ორგანოების ან მათ დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების მიერ და რომელსაც ექნება კონფიდენციალური ფორმა, უნდა იყოს შემოწმებული კორუფციის კუთხითაც“, - აღნიშნავს გოცირიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო