შეიძლება ჩვენ გვქონდეს განსხვავებული აზრი, მაგრამ მინიმუმ ის მაინც ვიცოდეთ, რომ ერთმანეთს არ ვატყუებთ. ჩემი აზრით, ლაპარაკის დაწყება არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, - განაცხადა პარტია ,,გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.
როგორც ხვიჩია განმარტავს, მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა გააჩინოს ისეთი ადგილი, სადაც ადამიანები გულწრფელად საუბრობენ და არ იტყუებიან და ასევე მისი თქმით, პრეზიდენტს ურჩია, რომ შერიგების ინსტიტუტის ჩამოყალიბება ამ პროცესებში მნიშვნელოვანია, თუმცა ეს არ ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას.
„ეროვნული შერიგება ალბათ იმაზე გადის, რომ საჯაროდ ტყუილის ლაპარაკი „ტეხავდეს" და არ იყოს პოლიტიკაში „მოსული". საბოლოო ჯამში ის, რომ ამდენი სიცრუეა ირგვლივ და ყველაფერი ხელოვნურად არის აგებული და აცდენილია რეალობას, საბოლოო ჯამში იწვევს იმას, რომ ასეთი რაღაცები ხდება. ამის განმუხტვას ვხედავ ლაპარაკის დაწყებაში. შეიძლება ჩვენ გვქონდეს განსხვავებული აზრი ფიზიკურად, მაგრამ მინიმუმ ის მაინც ვიცოდეთ, რომ ერთმანეთს არ ვატყუებთ. ლაპარაკი გვჭირდება იმისთვის, რომ გავიაზროთ, წარსულში როგორ ვცხოვრობდით, რა შეცდომები დავუშვით და აწმყოში რა შეცდომებს ვუშვებთ. როგორც კი ჩვენ ამაზე სერიოზულ საუბარს დავიწყებთ, პრეზიდენტის ფორმატი იქნება ეს თუ სხვა რამე ფორმატი იქნება, თვისობრივად შეიცვლება განწყობა ადამიანებში. ჩვენი რჩევა იყო, რომ პრეზიდენტმა გააჩინოს ისეთი ადგილი, სადაც ადამიანები გულწრფელად საუბრობენ და არ იტყუებიან. ამავდროულად ზოგადად ვურჩიე, რომ შეწყალების ინსტიტუტი შერიგების პროცესში ამ თემისთვის სასარგებლოდ იყოს გამოყენებული. შეწყალების თემაზე როცა ვსაუბრობ, ის არ ეხება მიხეილ სააკაშვილს იქიდან გამომდინარე, რომ ეს სხვა პოლიტიკური პროცესია", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.